სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა  დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა - ნიკა გვარამია

სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა - ნიკა გვარამია

"მოგესალმებით დიქტატურაში" - ამ სიტყვებით დაიწყო მედიასთან თავისი კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი უნდა წარუდგინონ.

"ჩემი დაჭერა თუ ბრალის წარდგენა არ არის პირველი ნიშანი საქართველოში დიქტატურის დამყარებისა. ვთქვი და ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

9 ივლისს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა.

პროკურატურის თანახმად, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

როგორც პროკურატურაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.