გვარამიას ადვოკატი: ყველგან მივალთ დათქმულ დროს და ყველა კითხვას გავცემთ ამომწურავ პასუხს

გვარამიას ადვოკატი: ყველგან მივალთ დათქმულ დროს და ყველა კითხვას გავცემთ ამომწურავ პასუხს

მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ, არ გვაქვს მოლოდინი რომ შეიცვლება მოცემულობა, უბრალოდ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა სასამართლოს განჩინება ჩაიბარა.

ჩვენ გვაქვს 48-საათიანი ვადა გასაჩივრებისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გავასაჩივრებთ არა იმიტომ, რომ გვაქვს რაღაც მოლოდინი სააპელაციო სასამართლო შეცვლის ამ მოცემულობას, არამედ იმიტომ, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი საშუალება. რაც შეეხება მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვას, ბუნებრივია ეს დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მათ შორის იმაზე, თუ რას გააკეთებს მომავალში პროკურატურა და როგორ მოიქცევა მოსამართლე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ  ნიკა გვარამია უარს არ ამბობს საპროცესო მოქმედებებში მიღებაზე.

გირაოს გადახდისთვის განსაზღვრულია 30 დღიანი ვადა, ამის შემდეგ უკვე პროკურატურა უნდა გადაწყვიტოს მოითხოვს თუ არა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდებას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ამ 30 დღეში და მომავალშიც, რამდენჯერაც და სადაც დაგვიძახებენ, ყველგან მივალთ დათქმულ დროს და ყველა კითხვას გავცემთ ამომწურავ პასუხს, ყველა საპროცესო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობა, ნიკა გვარამია ამაზე არ ამბობს უარს. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს ის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის არის აუცილებელი და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია უკანონოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მის მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა გვარამიას ადვოკატის თქმით, გვარამიას გაცნობიერებული აქვს რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი, მაგრამ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება, თუმცა მას არ აქვს აკრძალვა, უბრალოდ მას საგამოძიებო უწყებიდან სჭირდება ნებართვა. გაურკვეველია, როგორ შეიძლება საგამოძიებო უწყებამ წინასწარ განსაზღვროს ქვეყნიდან გასვლისას ნიკა გვარამია დაბრუნდება თუ არა, ქვეყნის მითითებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რომელიმე ქვეყანაში წასვლა შეიძლება და მეორე ქვეყანაში წასვლა არ შეიძლება? ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს არგუმენტი და ეს რეალურად არანაირ რისკებს არ აზღვევს. სინამდვილეში არც არსებობს რაიმე რისკი მიმალვასთან დაკავშირებით. გვარამიას გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი, უკანონო მაგრამ მაინც და ის თვლის, რომ არსად არ უნდა წავიდეს და ის აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ, რა ფორმითაც აკეთებდა ამას შვიდი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო 10 აგვისტოს შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითრუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.