ჰონკონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

ჰონკონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

დღეს, 11 აგვისტოს, ჰონკონგში პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა: პოლიციამ, რომელსაც მომიტინგეებისაგან ქუჩების სწრაფად გაწმენდა სურდა, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამაგიეროდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ცეცხლგამჩენი სითხით სავსე ბოთლები ესროლეს. საბოლოოდ, ჩინელმა წესრიგის დამცველებმა მომიტინგეები მაინც შეავიწროვეს.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული პოლიტიკური სქემის - „ერთი ქვეყანა - ორი სისტემისფაქტიური დანგრევის გამო, რომლის საფუძველზე ჰონკონგს საკუარი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა გააჩნია. „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენივე თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“, - აცხადებენ დემონსტრანტები.

ჰონკონგში პროტესტები ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. გამოსვლების საბაბი გახდა ექსტრადიციის შესახებ კანონის მიღება, რომელიც, როგორც მომიტინგეები თვლიან, შეიძლება იმ დისიდენტების დევნისათვის გამოიყენონ, რომლებმაც კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებული მატერიკული ტერიტორიიდან ჰონკონგში ჰპოვეს თავშესაფარი.

ამას წინათ პეკინის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს ჰონკონგის სხვადასხვა დაწესებულებების 14 ათასზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა, რომლის შედეგად,  ქალაქში ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. ამის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ჰონკონგის ავიაკომპანიებს დირექტივა მისცა, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ ის თანამშრომლები, რომლებმაც გაბედეს და ანტისამთავრობო მიტინგებში მონაწილეობა მიიღეს.

პეკინი აცხადებს, რომ ჰონკონგში გამართულ აქციებში კრიმინალები და აგიტატორები ალადობას ახორციელებენ და ეს ყველაფერი უცხოური სახელმწიფოების ჩარევით ხდება, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით.