„არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა“ - ნიკა გვარამია

„არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა“ - ნიკა გვარამია

წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია, გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს.

„მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო. წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება. ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.

ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე.

წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“,- წერს ნიკა გვარამია.