კონფლიქტი იემენში: ხუსიტების წარმატების ექო - შესაძლოა გაეროში ერთი ხმა მოგვაკლდეს

კონფლიქტი იემენში: ხუსიტების წარმატების ექო - შესაძლოა გაეროში ერთი ხმა მოგვაკლდეს

იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომის სამხრეთის ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - ხუსიტების შეიარაღებულმა სალაშქრო ქვედანაყოფებმა სამხრეთ იემენში მდებარე ნავსადგური ადენი (იემენის ეკონომიკური დედაქალაქი) აიღეს.

წარმოდგენა რომ გვქონდეს იმ სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომზე, რომელიც ამჟამად საქართველოსგან შორს მდებარე არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, აუცილებელია მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ.

დღევანდელი იემენის ჩრდილოეთი ნაწილი 1918 წლამდე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა, შემდეგ კი, I მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, დამოუკიდებლობა მიიღო. 1967 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა სამხრეთ იემენმაც, რომელიც მანამდე ბრიტანეთის პროტექტორატს წარმოადგენდა. შეიქმნა იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც საბჭოთა კავშირი მფარველობდა და დახმარებას უწევდა. 1990 წელს ორივე იემენი - ჩრდილოეთიც და სამხრეთიც - ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა.

2011 წელს იემენში, რევოლუციური „არაბული გაზაფხულის“ ფონზე, მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სახალხო გამოსვლები დაიწყო, რაც ხანგრძლივ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

რაც შეეხება ხუსიტებს:

ხუსიტები სარწმუნოებით შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის - ზეიდიზმის მიმდევრები არიან, ცხოვრობენ ძირითადად იემენის ჩრდილოეთ ნაწილში და ქვეყნის მოსახლეობის მესამედს შეადგენენ. 2004 წელს მათ იემენის ხელისუფლება ზეიდიტური მოსახლეობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა დაიწყეს. 2011 წლის რევოლუციის გამო იემენის ძალაგამოლეული პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი გადადგა, ხუსიტებმა კი დედაქლაქი - სანა დაიკავეს, ჩამოაყალიბეს მთავრობა, რომლის საერთაშორისო აღიარება არ მოხდა. იემენის ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთით, ეკონომიკურ დედაქალაქში - ადენში გაიქცა, სადაც პრეზიდენტად აბდა ხადი იქნა არჩეული. მოგვიანებით ორივე მხარეს მფარველები და იარაღით მომმარაგებლები გამოუჩნდნენ: იემენის პრეზიდენტს - საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები (აშშ-ის არაოფიციალური მხარდაჭერით), ხუსიტებს კი - ირანი და „ჰეზბოლას მოძრაობა“ (რუსეთის არაოფიციალური მხარდაჭერით).

გასულ წელს ხუსიტების უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მაჰდი ალ-მაშადმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. მართალია, ჯერ-ჯერობით რუსეთს ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ არაოფიციალურად ხუსიტებს გარკვეულ მატერიალურ-ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს. გავიხსენოთ, რომ რუსეთს არაბეთის ნახევარკუნძულის ახლოს, საუდის არაბეთის მოსაზღვრე სირიაში სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები აქვს, შესაბამისად, მოსკოვს სრულიადაც არ აწყობს აშშ-ის მოკავშირე და ახლო პარტნიორის - საუდის არაბეთის წარმატებები იემენის სამოქალაქო ომში. ამიტომაც ხუსიტების მიერ ადენის აღება, შეიძლება ითქვას, რუსეთის ირიბ წარმატებას წარმოადგენს. ამჟამად ხუსიტების მიერ იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილი კონტროლდება.

რა მოხდება შემდეგ, ჯერ-ჯერობით ამის პროგნოზი ძნელია. იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომი პერმანენტული ცვალებადობით ხასიათდება. სხვათა შორის, იგივე ქალაქი ადენი ადრეც რამდენჯერმე გადასულა ხელიდან ხელში ორი მოწინააღმდეგე სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების ერთმანეთთან ბრძოლების დროს. თუმცა, სიტუაცია გვაჩვენებს, ამჯერად ხუსიტების წარმატებას ხანგრძლივი პირი უჩანს:

ჯერ ერთი, რომ ადენისათვის ბრძოლების დროს იემენის „ლეგიტიმურად აღიარებული“ (ჩათვალე - პროამერიკულ-პროსაუდური) ხელისუფლების ლიდერი - პრეზიდენტი აბდა ხადი საუდის არაბეთში გაემგზავრა და უკან დაბრუნებას არ აპირებს;

მეორე - უკვე ცნობილია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები იემენიდან თავიანთი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას აპირებენ;

მესამე - თვით აშშ-შიც მტკიცდება აზრი, რომ იემენისადმი სამხედრო დახმარების გაწევა ვაშინგტონისათვის საზიანოა: ჯერ კიდევ აპრილში კონგრესის ორივე პალატამ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო, აშკარად იკვეთება სიტუაცია იმისა, რომ ხუსიტების წარმატების ფონზე, იემენის „ლეგიტიმურ“ ხელისუფლებას“ ვაშინგტონი დახმარებას, სავარაუდოდ, შეუზღუდავს ან სულაც შეუწყვეტს.

ორიოდე სიტყვა საქართველო-იემენის ურთიერთობიდან:
1970-იანი წლებიდან დაწყებული, 1980-იანი წლების ბოლომდე, როცა სამხრეთ იემენი ანუ იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა სოციალიზმს აშენებდა, იქაურ „არაბ ბოლშევიკებს“ საბჭოთა კავშირი მფარველობდა და, რა თქმა უნდა, სამხრეთ იემენელებს „ნათელი მომავლის“ შექმნაში ქართველი სპეციალისტებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც სახალხო მეურნეობის სხვადასხვა ობიექტებზე მუშაობდნენ.

1995 წლის სექტემბერში გაერთიანებულმა იემენის რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც დამყარდა, თუმცა იმ დროიდან სანას და თბილისს შორის „დრო გაიყინა“ - არცერთ მხარეს არ გამოუხატავს თანამშრომლობის გაგრძელება-გაფართოების სურვილი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მაინც უნდა ავღნიშნოთ:

ბოლო წლებში გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, იემენის ლერგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი სტაბილურად მხარს უჭერს. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოსთვის პრეზიდენტ აბდა ხადის ხელისუფლება უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხუსიტების კონტროლქვეშ მყოფი იემენი.