„ბუშმა სააკაშვილს უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, მე ვერ დაგიცავო“ - სტივ ჰედლი აგვისტოს ომზე

„ბუშმა სააკაშვილს უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, მე ვერ დაგიცავო“ - სტივ ჰედლი აგვისტოს ომზე

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილმა მრჩეველმა სტივ ჰედლიმ „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 2008 წლის ომსა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. „ამერიკის ხმა“-მ სტივ ჰედლისთან ინტერვიუ გასულ წელს ჩაწერა.

„ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავ, გეოგრაფიის გამოო“, – განაცხადა ჰედლიმ.

„მახსოვს ომამდე თეთრ სახლში სააკაშვილის ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდასწრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ, გეოგრაფიის გამოო“,- ამბობს სტივ ჰედლი.

ჟურნალისტის კითხვაზე – გააფრთხილა თუ არა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილი, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მარტო დარჩებოდა, სტივ ჰედლი პასუხობს: „მარტო დარჩებოდა არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მას მივატოვებდით, არამედ იმ რეალობის გამო, რომელიც ჩვენთვის ძალიან გაართულებდა იმის შეჩერებას, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს თანმიმდევრული მიდგომა იყო პოლიტიკასთან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილს მანამდე განუცხადა. კონდოლიზა რაისი თბილისში სწორედ ამ გზავნილის გასამეორებლად ჩავიდა. ეს მართალია“, – განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილმა მრჩეველმა.