„ყინწვისის იატაკი გამოსაცველი იყო, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო პროფესიონალთა დასკვნების საფუძველზე“

„ყინწვისის იატაკი გამოსაცველი იყო, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო პროფესიონალთა დასკვნების საფუძველზე“

ყინწვისის ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„1.ძვირფასი ქვის დაგება, თუნდაც მარმარილოსი, არ ნიშნავს რომ შესაფერისია კონკრეტული ნაგებობისთვის მხატვრული, ესთეტიკური და არქიტექტურული ასპექტებით; ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს ან ძვირი ფასისაა, არ ნიშნავს იმას, რომ მხატვრული და ხელოვნების კუთხითაც ღირებულია. მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ეწინააღმდეგება ქართული ხურთმოძღვრების ტრადიციას და ხასიათს, დისონანსში მოდის უნიკალური ფრესკების ლაჟვარდოვან (ხასხასა ლურჯ) ფერთან.

2. ყინწვისის აქამდე არსებული იატაკი ნამდვილად გამოსაცველი იყო, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო პროფესიონალთა (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, არქეოლოგები, გეოლოგები, ...) საერთო დასკვნების საფუძველზე და არა თვითნებურად. საშინელებაა, თუ რომელიმე სასულიერო პირს თავი ჰგონია ამ ყველაფრის მომცველი თავის თავში და ერთპიროვნულად წყვეტს რა და როგორ შეცვალოს ისტორიულ ტაძარში. წინამძღვარი დღეს ხარ, ხვალ კი სხვა იქნება, რატომ იღებ გადაწყვეტილებას საერთო ეროვნული მემკვიდრეობის შეცვლა-გადაკეთებაზე?!

3. ყინწვისის მესაკუთრე არც ადგილობრივი ეპისკოპოსია და არც წინამძღვარი, ისინი მხოლოდ დროებითი მომვლელ-მზრუნველები არიან, მესაკუთრე საქართველოს საპატრიარქო და მთელი ქართველი ერია. ამიტომ ყოველგვარი თვითნებური მოქმედებები ისტორიულ-საეკლესიო ძეგლთა მიმართ და მათზე ცვლილებები საგანგებო სარესტავრაციო წესების დაცვის გარეშე უმკაცრესად აღსაკვეთია“, - დაწერა დეკანოზმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა ყინწვისის მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის დაგებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანონოდ და თვითნებობად აფასებს. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც და ამ ნაბიჯს გაუმართლებელი უწოდა.