კოშკების გამაგრების მოთხოვნით, ადგილობრივებმა უშგულის შესასვლელი გადაკეტეს (ფოტო)

კოშკების გამაგრების მოთხოვნით, ადგილობრივებმა უშგულის შესასვლელი გადაკეტეს (ფოტო)

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი ჩამოშლილი კოშკის რესტავრაციას, დაზიანებული კოშკების გამაგრებას და ზვავისგან დამცავი მოწყობილობის დამონტაჟებას ითხოვენ. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილიდან „რეგინფო“ ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, უშგულელებს ზამთარში მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„სანამ  ამ კოშკებს გაამაგრებენ მთავარი მოთხოვნაა, რომ ზვავისგან  დამცავი აპარატურა დაამონტაჟონ, კოშკები რომ გააკეთონ და ზვავი წამოვიდეს, შესაძლოა, ისევ დააზიანოს. ზამთარში, როდესაც უხვი ნალექი და თოვლია, უშგულში ცხოვრება საშიშია. რეალურად ეს ხალხი ცხოვრობს შიშის ქვეშ. მეორე საშიშორება კი ის არის, რომ დანგრევის პირას მყოფი კოშკებიდან შეიძლება რაღაც გადმოვარდეს და ადამიანი იმსხვერპლოს.

ამ ხალხს ბევრი დაპირებები მისცეს, თუმცა არაფერი შეუსრულეს. ხდება მათი საჭიროებების, მათი უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უგულებელყოფა. მთის კანონიდანაც არანაირი სარგებელი არ არის. ამ ყველაფერმა იმოქმედა ამ ადამინებზეც და აპროტესტებენ ამ მძიმე ვითარებას“, – ამბობს დავით გირგვლიანი.

ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა სურთ.