„პროტესტები კიდევ უფრო გაფართოვდება“ - ექსპერტთა პროგნოზები მოსკოვურ მიტინგებთან დაკავშირებით

„პროტესტები კიდევ უფრო გაფართოვდება“ - ექსპერტთა პროგნოზები მოსკოვურ მიტინგებთან დაკავშირებით

10 აგვისტოს მოსკოვში, ანდრეი სახაროვის პროსპექტზე გამართული 50 ათას-კაციანი მიტინგი ყველაზე ხალხმრავალი იყო 2012 წელს ბოლოტნის მოედანზე მომხდარი მოვლენების შემდეგ.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულმა სამსახურმა რუს ექსპერტებთან მოსკოვური პროტესტების განსაკუთრებულობისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა პერსპექტივაზე იმსჯელა: რატომ ფართოვდება პროტესტები? რამ აიძულა ხალხი ქუჩაში გამოსვლაზე? რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? ამ აქტუალურ კითხვებზე პოლიტოლოგები გვპასუხობენ.

ალექსანდრე კინევი, პოლიტოლოგი:

„პროტესტები იმიტომ არ წყდება, რომ საბაბი არ ქრება. პირიქით, აქციების მოსაწყობად სულ უფრო მეტი ახალი საბაბი ჩნდება. თავდაპირველად ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოსკოვის სათათბიროში ოპოზიციურ კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს მაშინ როცა ისეთი კანდიდარტები დაარეგისტრირეს, რომელბსაც ხელმოწერები არ შეუგროვებიათ. ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით უკვე გამოიწვია ადამიანთა დიდი რაოდენობის ნეგატიური განწყობა და კვლავ აგრძელებს მსგავს ამორალურ ქმედებას, რითაც განუხრელად აფართოებს უკმაყოფილოთა წრეს. ამრიგად, საპროტესტო განწყობების ესკალაციაში მთავარი პასუხიმგებელი თვითონ ხელისუფლება და მისი არადექვატურობა წარმოადგენს. რვა სექტემბრამდე - არჩევნებამდე - პროტესტების აქტივობის შემცირების შანსი არ არსებობს. ერთადერთი ვარიანტი ისაა, თუ უმაღლესი სასამართლო კანდიდატების უფლებას აღადგენს, მაგრამ ამის შანსი მცირეა. შესაბამისად, არჩევნების წინ მასობრივ გამოსვლებს უნდა ველოდოთ.

თუ ხელისუფლება მოსახლეობაზე კვლავაც ასეთ ზეწოლას გააგრძელებს, სტუდენტებს ისევ დააპატიმრებს, გოგონებს ისევ სცემს, პროტესტები კიდევ უფრო გაფართოვდება - მით უმეტეს, რომ სექტემბრის დასაწყისში ბევრი მოსკოველი ქალაქში დაბრუნდება, ასევე დაბრუნდებიან სტუდენტებიც. თუ შვებულებების მთავარ თვეში ასეთი ხალხმრავალი აქციები იმართება, მაშინ უფრო მეტს სექტემბერში უნდა ველოდოთ, როცა ადამიანთა რაოდენობა ფიზიკურად გაიზრდება“.

ლეონიდ პოლიაკოვი, პოლიტოლოგი:

„შაბათის მიტინგ-კონცერტმა ადამიანები უფრო მეტად იმიტომ მიიზიდა, რომ გრძელდება სუფთა პოლიტიკური დღის წესრიგი: არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციაზე უარი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნეგატიურ სახეს გვაჩვენებს. პროტესტები არჩევნების დღემდე გაგრძელდება და შეიძლება მის შემდეგაც, როგორც ეს იყო 2011 წელს, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს.

რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს კარგი მახსოვრობა აქვთ, ამიტომ მათთვის პროტესტები ანაზდეული არ იქნება და, რასაკვირველია, გამოსვლებს მომზადებულები შეხვდებიან, მაგრამ ოპოზიციასაც ექნება თავისი გეგმა სიტუაციის განვითარების კვალობაზე.
ალბათ, ეს იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა და სხვა ღონისძიებები“.

კირილე როგოვი, პოლიტოლოგი:

„პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ საზოგადოების პოლიტიზაციის მაღალ დონეს და მის მზადყოფნას პროტესტებისათვის - არა მარტო მოსკოვში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. ხალხი პროტესტს აცხადებს, თანაც ძალიან დაბეჯითებით - უფრო მტკიცედ, ვიდრე ეს ადრე იყო; მეორე მომენტი - სახეზეა ახალგაზრდობის პოლიტიზების არნახული მდგომარეობა: მათ არ აქვთ ის კომპლექსები, რომლებიც უფრო შედარებით უფროს თაობას ახასიათებს; მესამე ფაქტორი - პროტესტების დღის წესრიგი შეიცვალა: ახლა უკვე მოთხოვნების ცენტრშია არა იმდენად მოსკოვის სათათბიროს არჩევნები, არამედ ის საგანგებო რეჟიმი, ის პოლიციური ტერორი, რომელიც ხელისუფლებამ აქციების მონაწილეთა დათრგუნვის მიზნით დაიწყო.

პერსპექტივაზე თქმა რთულია. ვნახოთ, როგორი იქნება ახალგაზრდული ჯგუფების დაჟინებულობის დისტანცია, რით შეეცდებიან მათ დაშინებას და ა.შ. ალბათ, ახლა მოსკოვში მხოლოდ ახალგაზრდების მესამედი იმყოფება, შემოდგომაზე კი უფრო ფართო პროტესტებს უნდა ველოდოთ“.

 

https://www.bbc.com/russian/features-49320760