„ჰაერში ვისროდი მოკვლა არ მინდოდა“ - ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა სპეცრაზმელის მკვლელობა აღიარა

„ჰაერში ვისროდი მოკვლა არ მინდოდა“ - ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა სპეცრაზმელის მკვლელობა აღიარა

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს ასლამაზბეკ ატამბაევს ადამიანის მკვლელობა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა და  სხვა მძიმე დანაშაულები ედება ბრალად – ინფორმაციას ყირგიზეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, РИА Новости ავრცელებს.

ყოფილ პრეზიდენტს მასობრივი არეულობის ორგანიზებას, მძევლების აყვანასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას ედავებიან. ატამბაევს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ყოფილი პრეზიდენტის სახლში აღმოაჩინეს სნაიპერის თოფი, რომლითაც ყირგიზელი სპეცრაზმელი ატამბაევის რეზიდენციის შტურმის დროს მოკლეს.

„ატამბაევის სახლში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის იარაღი. მათ შორისაა, სნაიპერის თოფი, საიდანაც საბედისწერო გასროლა განხორციელდა. ექს-პრეზიდენტმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ შტურმის დროს, ჩემი ბიჭების მიმართულებით ექვსჯერ გაისროლა“, – ამბობს ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

ატამბაევის აღიარებამდე ყირგიზი სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ გასროლა ექს-პრეზიდენტის მომხრეების მხრიდან განხორციელდა, თუმცა ატამბაევის თქმით, მის მომხრეებს არათუ სნაიპერული თოფი,  ხის შურდულიც კი არ ჰქონდათ და საბრძოლო იარაღიდან გასროლა მან თავად განახორციელა. ატამბაევი აღნიშნავს, რომ ჰაერში ისროდა და სპეცრაზმელის მოკვლა არ სურდა.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი მის სახლთან განხორციელებული ორი უშედეგო შტურმის შემდეგ, მესამე ცდაზე დააკავეს. შეტაკებების დროს 136-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 14 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, ერთი სპეცრაზმელი კი გარდაიცვალა.