აშშ-მ  ალექსანდრე ქართველის მიერ შემუშავებული კონსტრუქციით შექმნილი საჰაერო ფლოტის განახლება დაასრულა

აშშ-მ ალექსანდრე ქართველის მიერ შემუშავებული კონსტრუქციით შექმნილი საჰაერო ფლოტის განახლება დაასრულა

აშშ-ის სამხედრო -საჰაერო ძალებმა, ქართველი ემიგრანტისა და ავია კონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) კონსტრუქციით  შექმნილი ლეგენდარული მოიერიშე ფლოტის განახლების პროგრამა დაასრულა.

2011 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში 173 ერთეულ სამხედრო თვითმფრინავს ფრთები შეუცვალეს, რაც საჰაერო ხომალდებს 10 ათასი საათის განმავლობაში შემოწმების გარეშე ფრენის შესაძლებლობას აძლევს.თვითმფრინავზე მუშაობას, რომელმაც თითქმის 40 წელი იფრინა, გამოწვევებიც თან ახლდა. განახლების პროცესმა წარმოშვა თვითმფრინავის კორპუსისთვის ახალი ნაწილების დამზადების აუცილებლობა.

„შესანიშნავად იფრინა და ყველა შემოწმება გაიარა. უჩვეულოა წარმოებაში ამდენ ხანს გყავდეს თვითმფრინავი როგორც ესაა და გამოდგეს და იფრინოს ისე კარგად, როგორც ამ თვითმფრინავმა გააკეთა“, – განაცხადა 514-ე საფრენ-საგამოცდო ესკადრილიის მეთაურმა და „ეი 10“-ის გამომცდელმა მფრინავმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, რაიან რიჩარდსონმა.

თვითმფრინავი შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს და განკუთვნილია ახლო მანძილზე საჰაერო მხარდაჭერისთვის, ასევე ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე და სხვა სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის.