რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური ძეგლი და არტეფაქტი აღმოაჩინეს

რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური ძეგლი და არტეფაქტი აღმოაჩინეს

ასპინძის რაიონში, სოფელ ზველში, რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგებმა 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი და არტეფაქტი აღმოაჩინეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, გიორგი ბედიანაშვილის თქმით, ზაფხულის აღმოჩენაა:

  • დაახლოებით 50-საუკუნიანი სიძველის (მტკვარ-არაქსის კულტურის) მძლავრი ნაგებობები, რომელთა მსგავსი არქიტექტურა არ არის ნაპოვნი კავკასიის რეგიონში სხვაგან ;

ეს მიუთითებს, რომ სოფელ ზველის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. აღ. III ათასწლეული) არსებობდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი.

  • დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და საყოფაცხოვრებო ნივთები, სარიტუალო დანიშნულების საგნები - მაგალითად, ცხოველის გამოსახულებიანი სადგრები, რაც ასევე სიახლეა კავკასიის რეგიონისთვის;

ეს არტეფაქტები მიეკუთვნება ადრე ბრინჯაოს ხანის დასასრულსა და შუა ბრინჯაოს ხანის დასაწყისს - ბედენის კულტურას.

  • ყორღანები (სამარხები) - რაბათის ნამოსახლარის მიდამოებში;

არტეფაქტები მიეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანას.

  • შუა საუკუნეების საკმაოდ მძლავრი ნამოსახლარი და საფორტიფიკაციო ნაგებობა (თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თავდაპირველად როდის აშენდა ეს ნაგებობა).

„ეს ყველაფერი რაბათის ნამოსახლარზე ადამიანების ცხოვრების უწყვეტი კვალის არსებობას ადასტურებს და სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ადამიანები გასული საუკუნის დასაწყისშიც ცხოვრობდნენ“, - ამბობს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბედიანაშვილი.

რაბათი წარმოადგენს გორა-ნამოსახლარს, რომელსაც აქვს სასიმაგრე ნაგებობათა სისტემა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განმარტავენ, რომ რაბათის კვლევა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ როგორ წარიმართა გარემოსთან ადამიანების ადაპტირების პროცესი და როგორ იცვლებოდა ადამიანის ცხოვრება სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით.

ასპინძის რაიონში, სოფელ ზველში, რაბათის ნამოსახლარზე მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩატარდა, ძეგლის არსებობის კვალიც სწორედ მაშინ გამოჩნდა, მაგრამ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოების დაწყება მხოლოდ 2018 წლიდან მოხერხდა.

ამჟამად რაბათის ნამოსახლარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა საერთაშორისო პროექტია. ქართველი და ავსტრალიელი არქეოლოგების გარდა, კვლევებში ჩართული არიან ფრანგი და ბრიტანელი სპეციალისტები. ექსპედიცია ასევე მოიცავს საველე სკოლას, სადაც ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, პრაქტიკას გადის მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი.

 

წყარო: „რადიო თავისუფლება"