საოკუპაციო ხაზთან შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ჩავიდა

საოკუპაციო ხაზთან შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ჩავიდა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც რუსი სამხედროები რკინის ღობეებს ამონტაჟებენ. ზვიადაძე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

მისი თქმით, მუშაობს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ამ საკითხთან შეხება აქვს, რათა მიმდინრე პროცესი შეჩერდეს.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია, პროვოკაციული მოქმედებები გრძელდება და სახელმწიფო უწყებები, ყველა სტრუქტურა, ვისაც შემხებლობა აქვს ამ თემასთან, მუშაობს, რომ ეს უბედურება შეჩერდეს. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ზარალი, დაკარგეს სახლები. ორი ოჯახის სახლი მოექცა ოკუპირებულ მხარეს და ჩვენ შევხვდით ამ ოჯახებს. ადგილობრივი თვითმმართველობის, გუბერნიის თანამშრომლები აქ არიან 24 საათიან რეჟიმში, ასევე, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. შევხვდით მოსახლეობას, მაქსიმალურად ვეცდებით, რაღაც ფორმით, მატერიალურს ვგულისხმობ, შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა“, – განაცხადა ზვიადაძემ.

მისი თქმით, რთულია ასევე წყლის რეზერვუარების თემა, თუმცა მოცემულ მომენტში წყლის რეზერვუართან აღნიშნული ღობეები შემხებლობაში არ არის.

„თუმცა გაგრძელების შემთხვევაში რა მოხდება, ამის თქმა გამიჭირდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან კვლავ განაახლეს.