შესაძლოა, ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და სუს-ში დაბარებაზე პოლიტიკურ მიზეზს ასახელებს - თალაკვაძე

შესაძლოა, ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და სუს-ში დაბარებაზე პოლიტიკურ მიზეზს ასახელებს - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრს, ბიძინა გეგიძეს შესაძლოა, სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და სუს-ში დაბარებაზე პოლიტიკურ მიზეზს ასახელებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

„პარლამენტის თითოეული წევრისთვის ღია არის ჩვენი კარები. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია პარლამენტის წევრებთან, განსაკუთრებით, უმრავლესობის წევრებთან და მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინა გეგიძესაც არასდროს პრობლემა არ ჰქონია, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე ჰქონოდა განხილვა, დისკუსია ჩემთან ან გუნდის ნებისმიერ ლიდერთან. რაც შეეხება მის განცხადებას, შესაძლოა, არჩევნები ახლოვდება, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე; შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა, როგორც ხდება პოლიტიკაში ამისათვის საჭიროა, რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. დაველოდოთ. მან გააკეთა განცხადებები, ის თავად განმარტავს თავისი განცხადების არგუმენტაციას. რაც შეეხება კონკრეტულად სუს-თან დაკავშირებულ კითხვებს, რომლებიც დაისვა ამ ბრიფინგის თუ განცხადების შემდეგ, მე მინდა გითხრათ, რომ დეპუტატი, რომელიც არის არჩეული, მით უმეტეს, რომელიც არის ფრაქციის ლიდერი, დეპუტატისთვის შეკითხვები წერილობითი თუ ზეპირი სახის ნებისმიერი უწყების მხრიდან არ უნდა გახდეს და ვერ უნდა გახდეს რაიმე ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების და განცხადების საფუძველი, როგორზეც მოლოდინები შეიქმნა საზოგადოებაში. დაველოდოთ თავად მას და შემდგომში უკვე, ჩვენ გვექნება ამაზე შესაბამისი შეფასებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.