არც ერთ პროექტში მონაწილეობა, სტატუსი ან პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია - ეკონომიკის მინისტრი

არც ერთ პროექტში მონაწილეობა, სტატუსი ან პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია - ეკონომიკის მინისტრი

„არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან" ,  - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღების თაობაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, რა ზომას გამოიყენებს გამოძიება კონკრეტული პირის მიმართ, ეს მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა და ის ვერ დაეთანხმება, რომ აღნიშნული „განპირობებულია რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით“.

„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა, ეს სრულიად მათი პრეროგატივაა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“,-აცხადებს თურნავა.