ისრაელში ქართული ქაშერული ღვინის ექსპორტი განხორციელდება

ისრაელში ქართული ქაშერული ღვინის ექსპორტი განხორციელდება

ისრაელში  კომპანია „ბადაგონის“ პრემიალური ხარისხის "ქაშერის" საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ქართული ღვინო გაიყიდება. 
პროექტი ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის უშუალო მხარდაჭერით და თანამშრომლობით ხორციელდება.

როგორც ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერით,  კომპანია „ბადაგონმა“ სათავე დაუდო მნიშვნელოვან წამოწყებას - ჩამოასხა ქაშერული ღვინო.
„ეს, ქაშერის საერთაშორისოდ აღიარებული ნიშნის მქონე პროდუქტია, რომელიც ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.  ამ ღვინის  წარმოების მიზნით, ღვინის ქარხანაში თვეების განმავლობაში მუშაობდნენ რაბინები და ტექნოლოგები.“ - განაცხადა იციკ მოშემ. 
ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის თავმჯდომარის თქმით, „ბადაგონთან“ თანამშრომლობა სტიმულია სხვა კომპანიებისთვისაც, რათა ქართული მაღალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტი გაძლიერდეს ისრაელში.
 „ამ პროდუქციის ისრაელში შეტანა მნიშვნელოვანია, აგრეთვე ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვისაც. ეს, გზას გაუკაფავს  სხვა ქართულ პროდუქციას. გვჯერა, ამ ღვინოზე მოთხოვნა საქართველოშიც დიდი იქნება და თან, არამარტო ებრაელი ტურისტების მხრიდან, ვინაიდან ქაშერის სერტიფიკატის მქონე პროდუქტი მაღალი ხარისხის სიმბოლოა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ.

რაც შეეხება კომპანია „ბადაგონს“, მათი წარმომადგენლების თქმით, კომპანიამ  ღვინის დამზადების პროცესში  მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტები ჩართო, რამაც შედეგად, ისრაელის პარალელურად, უკვე სხვა ქვეყნების მხრიდანაც  დიდი ინტერესი გამოიწვია. 

„ბადაგონის“ პრემიალური ხარისხის  ქართული ქაშერული ღვინის გაყიდვა ისრაელში, რამდენიმე დღეში დაიწყება.