საქართველომ სტრატეგიულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოს - ლუკ კოფი

საქართველომ სტრატეგიულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოს - ლუკ კოფი

"ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაკუწ-ნაკუწ მიტაცებისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვს. ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საქართველომ საკუთარი მდგომარეობის „ინტერნაციონალიზაცია" უნდა მოახდინოს და ქვეყანაში დასავლური ინვესტიციები მიიწვიოს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა. 
„რუსეთი დროთა განმავლობაში იტაცებს მიწებს, რომლებიც ხშირად ეს პატარა ფართობებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ზომა საკმაოდ დიდია. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ შემთხვევებს ყურადღებას სწორედ იმის გამო არ აქცევს, რომ საუბარია პატარა ნაკვეთებზე. რუსეთმა იცის, რომ ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვს“.- განაცხადა ლუკ  კოფმა. 
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მსგავს ინციდენტებს პასუხისმგებლობით ეკიდება. 
„ვფიქრობ, ისინი ამ საკითხს პასუხისმგებლობით უდგებიან. ვფიქრობ, რუსებს უნდათ ქართველებმა მათ ნაბიჯებზე ექსტრემალური რეაგირება გააკეთონ. ამით, კი მათ საბაბი მიეცემათ უფრო შორს შევიდნენ საქართველოში. საქართველო დიდ თავშეკავებას იჩენს და ისინი ამისთვის შექებას იმსახურებენ.“- განაცხადა მკვლევარმა. 
შეკითხვაზე, იმის შესახებ, რომ  ხელისუფლება საკმარისად არ ახმაურებს ბორდერიზაციის შემთხვევებს და ამ საკითხზე განგაშის ზარს არ რეკს, კოფი პასუხობს, რომ ის ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს. 
„მე ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ვიზიარებ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და მიმომხილველებს. ვიცი, რომ მაღალი დონის შეხვედრებზე „მცოცავ ოკუპაციაზე“ საუბარი ყოველთვის იმართება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში რის გაკეთება შეუძლია საქართველოს, როცა რუსული თოფის ლულის წინ დგას უწყვეტად? რუსეთს უნდა საქართველომ რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ მათ სამხედრო კონფლიქტი განაახლონ, მაგრამ თუ საქართველო ამას არ გააკეთებს, ის უკვე აცლის რუსეთს ხელიდან სასურველ შედეგს.იმაში, რაც ხდება დამნაშავე რუსეთია. ისინი დგამენ ამ აგრესიულ ნაბიჯებს. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს. მე უნდა შემეძლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე შესვლა და ბორდერიზაციის თითოეული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ნახვა. თუმცა ამის გაკეთება დღეს ვერ ხერხდება. ისინი უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყვნენ. ერთგვარად, ეს ირონიულიცაა იმის გამო, რომ მათი მისია საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალედ წარმოჩენაა.“- განაცადა მკვლევარმა  „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. 

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქრათველომ სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს.

„საქართველომ სტრატეგიულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოს. მათ უნდა გააგრძელონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, როგორც საჯარო განცხადებებით, ასევე პრაქტიკული ნაბიჯებით. მოთმინებაში იმას ვგულისხმობ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. საქართველო 20 საუკუნეზე მეტია არსებობს. ამ ფონზე, კიდევ რამდენიმე წელიწადი მოთმენა ვფიქრობ, შესაძლებელი უნდა იყოს. ამასთან, ამერიკამ და ევროპამ საქართველოს მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოიჩინონ და ქართველ ხალხს ამ გზაზე უფრო მეტად დაეხმარონ. მაგალითად, ამერიკის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთავაზება, ნატოს მომავალ სამიტზე მტკიცე მხარდაჭერის განცხადების გაკეთება დიდი მხარდაჭერის ნიშანი იქნება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ უნდა სცადოს არსებული ვითარების რაც შეიძლება მეტად „ინტერნაციონალიზაცია.“ ამაში ვგულისხმობ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, უცხოური კომპანიების მოწვევას. რაც მეტი ქვეყანა და რაც მეტ ადამიანი იქნება საქართველოთი დაინტერესებული, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს რაღაცა ძალიან სულელურის გაკეთება.“- განაცხადა ლუკ კოფიმ.