ეს ყველაფერი შესაძლოა, ცალკეული ეპარქიისა და სააგენტოს დისკრედიტაციას ემსახურებოდეს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ეს ყველაფერი შესაძლოა, ცალკეული ეპარქიისა და სააგენტოს დისკრედიტაციას ემსახურებოდეს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტო, ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებულ სასახლეში თვითნებურ  სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცალკეული ეპარქიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დისკრედიტაციას უკავშირებს.

„ამ ყველაფერს, სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვა მიზნები ჰქონდეს. ეს შესაძლოა, ემსახურებოდეს ცალკეული ეპარქიისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოს დისკრედიტაციას“ , - განუცხადეს სააგენტოს პრესსამსახურში Spacesnews-ს.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტო  ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებულ სასახლეში თვითნებურ  სარესტავრაციო სამუშაოებს უარყოფს. 

როგორც სააგენტოს პრესსამსახურში  spaсesnews-ს განუცხადეს, აკაკი ხოშტარიას მიერ სუჯუნაში აგებული სასახლე, საქართველოს საპატრიარქომ 10 წლის წინ,  აუქციონის წესით შეიძინა და ის, სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.  

შეგახსენებთ, ორი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუჯუნაში, აბაშის რაიონში მდებარე სასახლის საპატრიარქოსთვის გადაცემა იგეგმება და მას ჭყონდიდის ეპარქიის მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, მიმდინარეობს შენობის გადაკეთება.

ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ სახლი 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა.