საყავრესა და ახალსოფლის ტყეებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს

საყავრესა და ახალსოფლის ტყეებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.  გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებმაც, ჯამში, 85-მდე გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 160 ტონაზე მეტი წყალი დაასხეს.

ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს ყვარლის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ახალსოფლის ტყეშიც, სადაც ხანძრის  ჩასაქრობად  დილიდან  ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის  ქრობის სამუშაოებში  ჩართულია  ასევე  დამატებითი ძალა.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ახალსოფლის  ტყეში  ხანძარი გუშინ გაჩნდა.