შევარდნაძის დროინდელ კადრს "ქართული ოცნება" სუსის მოადგილედ ნიშნავს

შევარდნაძის დროინდელ კადრს "ქართული ოცნება" სუსის მოადგილედ ნიშნავს

შევარდნაძის ეპოქის კიდევ ერთ საკადრო კოლორიტს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აბრუნებს - "კურიერის" ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება.

ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი "რუსთავი2"-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.

გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, "რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბრისას ის არც უარყოფს და არც ადასტურებს.

“არა, ჯერ არა. ყველაფერს გეტყვით, როდესაც გადაწყდება,“-აცხადებს ფიცხელაური.

კითხვაზე იყო მისი რეკომენდატორი, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფიცხელაური ამბობს, რომ არა. მისივე ინფორმაციით, ის შს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველია.

„არა ბატონო, მრჩეველი ვიყავი შს მინისტრის. ჯერ არ დავნიშნულვარ. იქნება არ ვინიშნები და წინასწარ ხომ არ დავიწყებ რაღაცეებზე საუბარს. როდესაც გადაწყდება დამირეკეთ და ყველაფერს გულწრფელად მოგახსენებთ,“-აცხადებს ფიცხელაური