საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებებს მწვავედ დავაყენებთ ერგნეთის შეხვედრაზე - ირაკლი ანთაძე

საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებებს მწვავედ დავაყენებთ ერგნეთის შეხვედრაზე - ირაკლი ანთაძე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეხვედრაზე მწვავედ დააყენებს.

„სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად, გუგუტიათკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას სოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური უკანონო ბარიერები. ასევე მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს“, – აღნიშნა ანთაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს.

„ასევე, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი. ამ მწვავე დღის წესრიგის პარალელურად, რა თქმა უნდა, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს“, – აღნიშნა ანთაძემ.