საქართველო ქმნის მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი - არჩილ თალაკვაძე

საქართველო ქმნის მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი - არჩილ თალაკვაძე

გვჯერა, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით მომავალსგვჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათი მხარდაჭერით, საქართველო ქმნის მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი და როდესაც საქართველო თავის მიზნებს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერ ანდრეას ნორლენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ვუმასპინძლოთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერს, ბატონ ანდრეას ნორლენს. მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერები და ექვსი ფრაქციის ხელმძღვანელები, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერასა და დამოკიდებულებას.

საქართველოს მოსახლეობის სახელით, მსურს, ჩვენს შვედ მეგობრებს მადლობა გადავუხადო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს განვითარების, მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდის და უკეთესი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების საქმეში თქვენს მხარდაჭერას და წლების განმავლობაში ეს თანამშრომლობა თავისი საუკეთესო სახით ვითარდება.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად და პოზიტიურად ვითარდება იზრდება ვიზიტორების რაოდენობა, უფრო მეტი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში, უფრო მეტი შვედური კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ ინვესტიციები გააკეთოს საქართველოში. უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება ქართული ბაზრით. შემდეგი წლიდან ეს თანამშრომლობა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და დიდ მასშტაბებს შეიძენს, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ხაზი გაესვა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად განვიხილავთ, ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებსაც ატარებს ჩვენი ქვეყანა, ვისაუბრეთ პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული შემაშფოთებელი და რთული მდგომარეობა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენთვის მიუღებელია, რომ 21- საუკუნეში მეზობელი სახელმწიფო იტაცებს ჩვენს მამაპაპისეულ მიწებს, ძალადობრივი მეთოდებით ავლებს ბარიერებს და ხელოვნურად ჰყოფს სოფლებს, მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ახორციელებს საკუთარ ინტერესებს.

მადლობას ვუხდი ჩემს შვედ კოლეგას და შვედ ხალხს, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა შვედეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ამ მხრივ, ბუნებრივია, ჩვენს საერთაშორისო ფორმატებშიც გვაქვს შვედეთის მხრიდან მხარდაჭერა და მივესალმებით ამას, აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, 2019 წელი გამორჩეული თარიღია ორივე ქვეყნის პარლამენტარიზმის ისტორიაში.

ერთი მხრივ, საქართველო აღნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლისთავს. ეს არის საიუბილეო თარიღი. მეორე მხრივ, შვედეთის სამეფო ზეიმობს საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლების შემოღების 100 წლისთავს. სიმბოლური და პოლიტიკური თვალსაზრისით ეს თარიღები მიუთითებს, რომ ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ და რომ ქართველი ხალხის და შვედი ხალხის მტკიცე არჩევანი არის დემოკრატიული, ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი იყოს.

შვედეთს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორს, განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელების პროცესში.

შვედეთი მხარს უჭერს და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე შეხვედრაზეც საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ევროკავშირი უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოსა და რეგიონში იმ ეტაპამდე, როდესაც საქართველო გახდება აღნიშნული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით მომავალს და გვჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათი მხარდაჭერით, საქართველო ქმნის მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი და როდესაც საქართველო თავის მიზნებს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, შეასრულებს.

იმედი გვაქვს, რომ ბატონი ნორლენისა და შვედეთის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დამატებით სტიმულს მისცემს პარლამენტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.