დადგა დრო, ევროპამ რუსეთს ხელი გაუწოდოს -ემანუელ მაკრონი

დადგა დრო, ევროპამ რუსეთს ხელი გაუწოდოს -ემანუელ მაკრონი

ცხოელ დიპლომატებთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დადგა დრო, ევროპამ რუსეთს ხელი გაუწოდოს, რათა მხარეები ისევ ცივი ომის რეალობაში არ აღმოჩნდნენ. მაკრონის განცხადებით, რუსეთთან უსაფრთხო და სტაბილური ურთიერთობის გარეშე, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გარანტია ვერ ექნებათ.

"ვფიქრობ, ევროპაში უსაფრთხოების და ნდობის ახალი მოდელი უნდა შევქმნათ. ეს იმიტომ, რომ ევროპის კონტინენტი ვერასდროს ვერ იქნება სტაბილური და უსაფრთხო, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ გავარკვევთ და არ მოვაწესრიგებთ. მოდით, გარკვევით ვთქვათ, რომ ეს არ არის ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესებში. ზოგი ყოველთვის ეცდება ზეწოლა მოახდინოს, რომ მეტი სანქციები დაწესდეს. ეს მათ ინტერესებშია, თუნდაც ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ, მაგრამ არა - ჩვენს ინტერესებში", - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

შესაძლოა ეს განცხადება იყო პასუხი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არაერთ მოწოდებაზე, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის ფორუმზე დააბრუნონ. ტრამპის განცხადებები გააკრიტიკა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, წარმოშობით პოლონელმა დონალდ ტუსკმა. ის წინადადებით გამოვიდა, დიდი შვიდეულის სამიტზე სტუმრის სტატუსით უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიონ და მასაც მოუსმინონ.

მსოფლიოს წამყვანი 8 ქვეყნის ფორუმიდან რუსეთი 2014 წელს, სწორედ უკრაინაში შეჭრის და ყირიმის ანექსიის გამო გააძევეს. ფორუმს ამ ფაქტის შემდეგ სახელი შეეცვალა და მას ახლა არა დიდი რვიანი, არამედ დიდი შვიდეული ეწოდება.

მოსკოვი აგრძელებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ოკუპაციას. მაკრონმა გასულ კვირაში ტრამპის წინადადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ რუსეთის დაშვება უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე, ჯგუფის "სისუსტე" და "სტრატეგიული ხარვეზი" იქნებოდა.

რუსეთის ფორუმზე დაბრუნებას ბრიტანეთიც ეწინააღმდეგება. ლონდონი მოსკოვს ბრიტანეთის მოქალაქეზე ქიმიური იარაღით თავდასხმაშიც ადანაშაულებს.

სამშაბათს ემანუელ მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ სამიტზე მოსკოვის სრულფასოვან წევრად დაბრუნება შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რაც კრემლმა ბრიტანეთში და უკრაინაში ჩაიდინა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ევროპისგან ჩამოცილება, სტრატეგიული შეცდომა იქნება, რაც მოსკოვს ალიანსების სხვა მიმართულებით მოძებნისკენ უბიძგებს.

საფრანგეთს შექმნილი ვითარების შეცვლა სურს და პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, მზად არის ამ მიმართულებით იმოქმედოს კიდეც, თუკი რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში რამდენიმე პირობას დააკმაყოფილებს.

"მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვართ ისეთი ძალა, რომელიც თვლის, რომ ჩვენი მეგობრების მტრები აუცილებლად ჩვენი მტრებიც არიან, ან რომ მათთან საუბარი აკრძალული გვაქვს. ვფიქრობ, ამაშია საფრანგეთის ძლიერება" - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. 

მაკრონის თქმით, სექტემბერში იგეგმება შეხვედრა, რომელზეც რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. ისინი დისკუსიას გამართავენ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე და ქვეყანაში მშვიდობის დამყარების გზებზე.

სამშაბათს უკრაინაში იმყოფებოდა ჯონ ბოლტონი, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მან უკრაინელებს უთხრა, რომ ევროპელებისგან სამშვიდობო რეზოლუციის იმედი, უახლოეს მომავალში არ უნდა ჰქონდეთ.

ბოლტონი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის ლიდერს ამ კვირის ბოლოს, პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის განმავლობაში, პირადად შეხვდეს.