კახა ქემოკლიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება პოზიციას შეარბილებს და გაითვალისწინებს ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა

კახა ქემოკლიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება პოზიციას შეარბილებს და გაითვალისწინებს ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა

მოლოდინი გვაქვს, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს და არ არის გამორიცხული, რომ შედგეს შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად და წყნარად დარეგულირება.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვითარება ადგილზე არსებულ პროცესს ნამდვილად არ აჯანსაღებს. ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში, როდესაც ულტიმატუმებით ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს უკვე პრობლემაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს დღეს გამოჩნდნენ აქ ქართველი პოლიციელები, არის აბსოლუტურად არარეალური, რადგან ქართველი პოლიციელები აქ ყოველთვის მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე არ იყო პოლიციის საგუშაგო.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალზე უცნაური განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ჩემი აზრით რაციონალურ შინაარსს მოკლებულია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

წყარო: ipn.ge