მესტია სვანეთში, საქართველოს ზღაპრულ მხარეში - თურქული მედია

მესტია სვანეთში, საქართველოს ზღაპრულ მხარეში - თურქული მედია

„მესტია დედამიწის ზღაპრულ მხარეში - სვანეთში მდებარეობს, კავკასიის ბუმბერაზი მთების ძირში, რომელიც უცხოელ ტურისტებს თავისი უძველესი კოშკებით, მყინვარებით და ტბებით იზიდავს.- წერს თურქული გაზეთი. 
მესტიიდან ტურისტს შეუძლია ალპურ მდელოზე გაისეირნოს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთდღიანი ლაშქრობაშიც ჭალაათის მყინვართან და ქორულდის ტბასთან, რომელიც მწვერვალებს შორისაა მოქცეული. მესტია თითქოს სიზმრების ქალაქია, თითქოს ფენიქსის დაბადების ადგილი...  კავკასიის ქედის ყველაზე მაღალი მთების ახლოს.
როგორც თურქული სპორტული კლუბის ხელმძღვანელი რეზა დინჩერი ამბობს, კლუბის წევრთა 17-კაციანი ჯგუფი ამას წინათ სვანეთში იმყოფებოდა. მისი თქმით, მესტია მშვენიერ და ღირსშესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ლანდშაფტური ტურიზმი მოსწონს. კერძოდ, მთის ტბები და მყინვარები. ტბებამდე ტურისტები საცალფეხო ბილიკით მიდიან, რომლის ირგვლივ ცად აზიდული თოვლიანი მთებია.
რეზა დინჩერის თქმით, მესტიის დათვალიერებით თურქი ტურისტების ჯგუფმა დიდი ხნის ოცნება აისრულა:

„სვანეთში საქართველოს კავკასიონის ხუთი ყველაზე მაღალი მთა მდებარეობს. მესტიაში ყოფნისას თქვენ ისტორიას ეზიარებით. იქ არის ათასწლოვანი სვანური კოშკები, რაც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ასეთ კოშკებს მსოფლიოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ ნახავთ. სვანეთში არის სოფელი უშგული, რომელიც თავისი განუმეორებელი კოშკებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“.


რეზა დინჩერი ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს ბევრი თურქი ტურისტი და არა მარტო თურქები, არამედ სხვა უცხოელი მოგზაური მესტიაში სულ უფრო ხშირად დადის: „მესტია პირველყოფილი ბუნების მოყვარულთა ადგილს წარმოადგენს. ზამთრობით სვანეთში სამთო-სათხილამურო ცენტრებიც მოქმედებს - ისევე, როგორც თურქეთში“.
„სამწუხაროდ, ჩვენ გლობალური დათბობის ნეგატიური შედეგების მომსწრენიც გავხდით: მყინვარები ყოველწლიურად მცირდება, მათი დნობა სულ უფრო სწრაფად ხდება. გასულ წელთან შედარებით, მყინვარები უკან იხევენ, რაც საზიანოა როგორც სვანეთისათვის, ასევე მთელი რეგიონისათვის“, - ამბობს რეზა დინჩერი“.

წყარო: http://www.hurriyet.com.tr/seyahat/gurcistanin-masal-diyari-mestia-41318889