საზეიმოდ გახსნიდან ერთი თვის თავზე პარკი არის ფაქტობრივად გაუბედურებული -კახა კალაძე

საზეიმოდ გახსნიდან ერთი თვის თავზე პარკი არის ფაქტობრივად გაუბედურებული -კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა ფოტომასალა, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ვანდალიზმის ფაქტებს აღწერს.

კალაძის თქმით, ერთი თვის წინ გლდანის მე-6 მიკრორაინში საზეიმოდ გახსნილი პარკი თითქმის განადგურებულია, დამტვრეული და დაზიანებულია იქ არსებული ინფრასტრუქტურა.

„ერთი თვის წინ გლდანის მე-6 მიკრორაინოში საზეიმოდ გავხსენით ახალი პარკი, რომელიც 3 ჰექტარზეა გადაჭიმული. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და ჩვენ, პრაქტიკულად შევასრულეთ  დაპირება, რომ იქ მოეწყობოდა დასასვენებელი სივრცე ახალი ხე-მცენარეებით, სკეობორდებისთვის, ველოსიპედებისთვის, საკალათბურთო მოედანი, შინაური ცხოველებისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონა, განათება და ა.შ. ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა, თუმცა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საზეიმოდ გახსნიდან ერთი თვის თავზე პარკი არის ფაქტობრივად გაუბედურებული და დაზიანებული.

ყველა ბედნიერი იყო ამ პარკის გახსნით და ჩატარებული სამუშაოებით, მაგრამ დღეს აი ასეა დამტვრეული იქ არსებული ინფრასტრუქტურა. დარბეული და დაზიანებულია ყველაფერი. უბრალოდ გული მწყდება“, - განაცხადა კახი კალაძემ.

მან შესაბამის სამსახურებს დაავალა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, მათ შორის ადამიანური რესურსების და სამეთვალყურეო კამერების დამატებით.

„ნამდვილად არ შევეგუიები ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით, თუმცა ამაში მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. სამწუხაროდ ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მე-6 მიკრორაინში მდებარე პარკს, ასეთი შემთხვევები არის სხვადასხვა ადგილებში“, - განაცხადა კახი კალაძემ.