პანკისის ხეობის მოსახლეობა  სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

პანკისის ხეობის მოსახლეობა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

„პანკისის სახალხო კრება პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით ვადასტურებთ ერთსულოვან მხარდაჭერას მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნის მიმართ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროულად მიიღწეს სამართლიანი მართლმსაჯულება და დაისაჯოს დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები.

თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხის გამოძიება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პანკისის ხეობის თითოეული მკვიდრისთვის და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით გამოძიების დასრულებას და ჩვენს კითხვებზე პასუხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, მიუხედავად საკითხის მაღალი აქტუალობისა, ხეობის მოსახლეობა სიფრთხილით ეკიდებოდა თემის პოლიტიზირების რისკებს და თავს იკავებდა რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობისგან.

თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესის მხარდაჭერის დასუსტება.

უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამართლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოცირების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს.

თემირლანის საქმე ჩვენთვის არა მხოლოდ უსამართლო მართლმსაჯულების მაგალითია, არამედ პანკისელების კანონის და სასამართლოს გარეშე ტერორისტებად გამოცხადების პრაქტიკის გაგრძელებაა. ჩვენთვის ნიშანდობლივია სუს-ის განცხადებაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის კვალიფიკაცია, როგორც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა. რადგან ამ ფარულ ჩანაწერებში იკვეთება შვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც საუბრობს შურისძიებაზე და არა რაიმე მიზნის მიღწევაზე საზოგადოების დატერორების გზით. შესაბამისად, ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტერორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ.

ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას. ჩვენი ხეობა დაიღალა ამდენი უსამართლობისგან და პოლიტიკური სპეკულირებისგან. ჩვენი ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ სათანადოდ გაიზიაროს ჩვენი წუხილები. გაიაზროს, რომ ვახა მაჩალიკაშვილის ამგვარი მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა სწორედ მის უწყებებს ეკისრებათ და შეწყვიტოს მისი დევნის და ღირსების აყრის პრაქტიკა.

ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს პანკისის თემით მანიპულაციის მცდელობები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე პირების დროული და სამართლიანი დასჯა“, - ნათქვამია პანკისის სახალხო კრების განცხადებაში