საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდეს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს.

ამის შესახებ მან პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას.

„სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ტიკარაძე განმარტავს, რომ აღნიშნული არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციასა და ხარისხს.

ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. მისი თქმით, ამ დრომდე სახელმწიფო არ მონაწილეობდა კლინიკების მართვაში. მომდევნო წლებში კი, სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბრად კონკურენტუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი, შედეგად მოიტანს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და გარანტირებულ ხარჯვას.