იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრის პროცესი დაიწყო

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრის პროცესი დაიწყო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრის პროცესი დაიწყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის ორი პროცედურა ჩატარდება. უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც საბჭო 50 კანდიდატიდან კენჭს 20 კანდიდატს ფარულად უყრის, მონაცემები იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კანონის მიხედვით, ამის შემდეგ საბჭომ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს, სადაც საბჭოს წევრები ფარულად შერჩეულ 20 კანდიდატს უკვე სათითაოდ უყრიან კენჭს, სწორედ იმის გასარკვევად - უნდა წარედგინოს, თუ არა კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება მაშინ, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა.