საქართველოს ნაკრები სტამბოლში სამხრეთ კორეას შეხვდება

საქართველოს ნაკრები სტამბოლში სამხრეთ კორეას შეხვდება

დღეს, 5 სექტემბერს, 17:30 საათზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებს თურქეთში, კერძოდ სტამბოლში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან მოუწევს. ამ მატჩზე და სამომავლო გეგმებზე ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა ვრცლად ისაუბრა.

"ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია. მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით. მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის".

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა სამხრეთ კორეის ნაკრებთან: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლევან ხარაბაძე - ჯანო ანანიძე, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი.

ცნობისთვის,შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლი" გეგმავს