აფხაზეთი თავის კადიროვს ელოდება

აფხაზეთი თავის კადიროვს ელოდება

„აფხაზეთი თავის კადიროვს ელოდება“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა «Комсомольская правда»-.

გამოცემის  პოლიტიკური მიმომხილველი ვლადიმერ ვორსობინი აფხაზეთში იმყოფებოდა და ცდილობდა გაერკვია, თუ რატომ ყრის რუსეთი მილიარდობით რუბლს აფხაზეთში, როცა სანაცვლოდ მოსკოვს რეპუტაცია ელახება და აფხაზები რუსებს დევნიან.
ჟურნალისტი საუბრობს აფხაზეთის ერთ-ერთ მცხოვრებთან, ეროვნებით რუსთან, ახალათონელ ნატალია ალექსეევასთან: „აფხაზები ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან და „რუს ძაღლებს“ გვიწოდებენ“, - მეუბნება ნატალია, - აი, ჩემს მეზობლად ზურაბ თორკილი ცხოვრობს. ალბათ, ეგონა, რომ მე აფხაზური არ ვიცოდი და თავის ნათესავს, რომელიც აქაურ რუსებს გამოგვექომაგა, უთხრა - „რას აკეთებ, შენ ხომ აფსუა ხარ, ისინი კი რუსი ძაღლები“. ასეთი შეურაცხყოფები აქაურ რუსებს ძალიან ხშირად გვესმის. მე ვიჩივლე პროკურატურაში, მაგრამ განა აფხაზი აფხაზს ხელს ახლებს? 
მორიდებით ვეკითხები, ხომ არ აჭარბებთ-მეთქი.
- გესმით, ისინი ჩვენ რუსებს, ძაღლებს გვეძახიან... - თითქმის ყვირის ჩემი მოსაუბრე, - ჩვენ მათ ამდენ ფულს ვაძლევთ, ისინი კი... არადა, რომ არ დავხმარებოდით, აქ ქართველები იქნებოდნენ და ჩვენ მხოლოდ საქართველოსთან გვექნებოდა ურთიერთობა... ტყუილად ვეხმარებოდით ბულგარეთს და სხვებსაც, საბოლოოდ ისინი მაინც უმადურები აღმოჩნდნენ. ვისაც კეთილ საქმეს ვუკეთებთ, ყველაფერი უკან გვიბრუნდება, მაგრამ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ...
„დიახ, რუსეთი ცდილობს ურჩი გერი არ დასაჯოს... საწყენია, რა თქმა უნდა, აფხაზების ასეთი ქცევა. მართლაც ამდენი ფული დახარჯა რუსეთის ხელისუფლებამ, სარეპუტაციო ტრიუმფი კი არ ჩანს. მაგრამ მახსენდება, რომ სოჭს ზურგს გუდაუში დისლოცირებული რუსეთის ძლიერი სამხედრო ბაზა უმაგრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატოელები აქ ცხვირს ვერ შემოჰყოფენ. განა ფული უნდა დაგვენანოს ამისათვის?, - წერს ავტორი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დახარჯულ ფულს აფხაზების მხრიდან ადექვატური პოზიტიური ნაბიჯი უნდა მოჰყვეს, ისინი კი რუსი ეროვნების მოქალაქეებს ყველგან ჩაგრავენ.
«Комсомольская правда»-ს ჟურნალისტი იხსენებს 9 წლის წინანდელ ისტორიას, როცა სკანდალი მოხდა რუსების საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით: 
„ასობით რუსს, რომლებმაც დროებით დატოვეს საცხოვრებელი სახლები ომის დროს, აფხაზებმა ბინები წაართვეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მოსკოვიც ვერაფერს გახდა: ბინის მიმტაცებლების უკან საგვარეული კლანი იდგა, ამ კლანის წარმომადგენლები კი მინისტრები იყვნენ. საბოლოოდ, რუსეთმა თავისი ხარჯებით ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და ბინადაკარგულები იქ შეასახლა. და - ჰოი,საკვირველებავ! მოსკოვი იძულებული გახდა ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ აფხაზებისთვის მიეცა...
აფხაზებს ომისშემდგომი ლოგიკა ასეთია: ომის დროს წახვედი და მიგვატოვე? ესე იგი, მოღალატე ხარ. აფხაზები დღემდე თვლიან, რომ ელცინის დროინდელმა რუსეთმა მათ უღალატა და ქართველებტან ერთად აფხაზეთს ბლოკადა გამოუცხადა. ჰოდა, როცა ომი დამთავრდა და ქართული ტროფეი აღარ ეყოთ, რუსების ბინებს მიადგნენ“.
სტატიის ავტორისათვის ცნობილი გახდა, თუ რატომ დევნიან და შეურაცხყოფას აყენებენ აფხაზები ნატალია ალექსეევას. თურმე პაპამისი - დანილ ბეკეტოვი აფხაზეთში ცნობილი ინჟინერ-მშენებელი ყოფილა, ბევრი სიკეთე გაუკეთებია აფხაზებისთვის, ახალი ათონის მღვიმის მშენებლობაშიც არის მისი დიდი წვლილი... მოხუცი ინჟინერი კი აფხაზმა სანათესაომ მოიძულა და ბინიდან გააგდო. ნატალიამ სამართლის ძებნა დაიწყო („რკინის ქალამნები ჩაიცვა“ და მოსკოვშიც კი ჩავიდა), ახალი ათონის მერი და ადგილობრივი მილიციის უფროსი იძულებულნი გახდნენ პირადად დაეჭირათ მხარი მისთვის და როცა თითქოს საქმე მოგებული იყო, აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს წევრებს ვიღაც-ვიღაცეებმა შეახსენეს, რომ ისინი აფსუები არიან... და რუსების მხარეს არ უნდა დადგნენ.
როცა რუსეთი აფხაზეთის მომავალზე ფიქრობს და ეხმარება, მას ერთი ყველაზე მეტად ჭკუის სასწავლებელი ფაქტი ავიწყდება: სასტიკი ადგილობრივი პრინციპი - „ეს მიწა ჩვენია“ ანუ აფხაზეთში ბატონ-პატრონები მხოლოდ აფხაზები არიან. სწორედ ამის გამო ჩინოვნიკები ადგენენ ყალბ დოკუმენტებს, მოსამართლეები არ უსმენენ პატიოსან მოწმეებს... რუს კაზაკთა ატამანი მოსკალენკო, რომელმაც გაბედა და დანილ ბეკეტოვს მხარი დაუჭირა, მალე მკვდარი ნახეს სოხუმის ჰესის კაშხალთან. მილიციამ დაადგინა, ღამით გზაზე მიდიოდა, კლდე ვერ შენიშნა და გადავარდაო. რაღა შორს წავიდეთ, აფხაზები უკან არ იხევენ რუსი დიპლომატის მკვლელობაზეც კი...“.
ავტორი საუბრობს თავის სოხუმელ ნაცნობთან, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი სავსეა „გაბლატავებული ქურდებით“ და „მაყურებლებით“: 
„აფხაზეთში ყველა ბიზნესმენი იხდის ფულს „ობშაგ“-ში სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად. თუ რაიმეს მოგპარავენ, მილიციაში მისვლა უსარგებლოა. უნდა მონახო ვინმე გავლენიანი აფხაზი - „მაყურებელი“ და ის დაგაკვალიანებს... ჩვენთან ქურდული სინდის-ნამუსი მოქმედებს, სხვაგვარად არ გამოვა, სულ არაფერს ეს პრინციპი მაინც სჯობს. ამიტომაც ამბობენ, რომ აქ საქართველოს მსგავსად, ქურდები რომ არ იყვნენ, ყველაფერი დაინგრევა და სამართლიანობის ნატამალიც კი აღარ დარჩება, დაიწყება ანარქია. ერთადერთი, რასაც აფხაზეთი ეყრდნობა, ესაა „ბლატური“ დამოკიდებულების პრინციპი (ანუ ქურდული ნაცნობობა და ურთიერთდახმარება), თუმცა საბოლოოდ ჩვენ სწორედ ეს დაგვღუპავს“.
„ჩვენ რამზან კადიროვის მსგავსი კაცი გვჭირდება, - მეუბნება ადგილობრივი ბიზნესმენი ანონიმურად, - აქ არის ათიოდე ადამიანი, რომელთაგანს ზოგიერთს ყველა იცნობს. ისინი დადიან, ხალხს უღიმიან, მათ თითქოსდა პატივს სცემენ, მაგრამ სწორედ ისინი სწოვენ სისხლს საკუთარ ხალხს და ქვეყანას. ეს პარაზიტები უნდა განადგურდნენ.  აფხაზეთი სასტიკად უნდა გაიწმინდოს. რუსეთიც კარგად აცნობიერებს, რომ წმენდა აუცილებელია. ამიტომაც მოსკოვი ადგილობრივ სპეცსამსახურებში თავის ხალხს გზავნის... მომავალმა პრეზიდენტმა უპირველესად წმენდა უნდა ჩაატაროს, მაგრამ სად იპოვი აფხაზეთში ასეთ გაბედულ პრეზიდენტს? (აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების II ტური - რაულ ხაჯიმბასა და ალხაზ კვიციანიას შორის - 8 სექტემბერს ჩატარდება).
- კი, მაგრამ აფხაზები განა მოითმენენ „საკუთარ კადიროვს“?
- კავკასიაში ძლიერი ხელი მოსწონთ, - მხრებს იჩეჩს ბიზნესმენი, - მე ვიცნობ ჩეჩნებს, რომლებიც 1990-იან წლებში „ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა ქალამნად“, დღეს კი მაშინდელი არწივები ხასარვიურტში ბუზს ვერავის ვეღარ უფრენენ... ნაყინის ქაღალდი რომ შემთხვევით მიწაზე დაუვარდეთ, აიღებენ და ნაგვის ურნისკენ მიარბენინებენ, თან აქეთ-იქით იყურებიან - რამზანმა ხომ არ დაინახაო... (იცინის). აფხაზეთშიც ასე უნდა იყოს...
ჰმ, კადიროვი... მაგრამ აფხაზები თავიანთ კადიროვს სადმე მიასიკვდილებენ. მე ეს მაშინ დავასკვენი, როცა ვესაუბრე ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს, ჯერ კიდევ ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროიდან. იგი ირონიულად ამბობს, რომ ალხაზ კვიცინია თუ გაიმარჯვებს, იგი ხალხს სასტუმროების, ფაბრიკა ქარხნების მშენებლობას პირდებაო..
- დიახ, ამაში ცუდი რა არის?, - ვეკითხები, - ეკონომიკა განვითარდება, სამუშაო ადგილები გაჩნდება..
- და ხელფასი 15 ათასი რუბლით? ვის რაში ჭირდება ასეთი სამსახური?
მე მივხვდი, რომ აფხაზეთი რუსულ 1990-იან წლებში ჩარჩენილი. აფხაზებს ცვლილებები არ სურთ. მათ ჰგონიათ, რომ წესრიგის დაცვა ტრადიციული ცხოვრების წესებს დაანგრევს. ფიქრობენ, რომ თუ „რკინისხელიანი“ პრეზიდენტი მოვა და აფხაზურ „ავგიას თავლების“ გაწმენდას გადაწყვეტს, ეს ეროვნული ტრაგედია იქნება. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ქურდები ან გაძევდებიან, ან ციხეში მოხვდებიან, ხოლო სამართალს მათ ნაცვლად მოსამართლეები დაიცავენ. პრობლემა ისაა, რომ წმენდის შედეგად ბევრი სამსახურს დაკარგავს ან იძულებული იქნება იმავე სამხურში ყოველდღიურად 9-დან 6 საათამდე იჯდეს 15 ათასი რუბლის ხელფასით. ისინი ხომ შემოსავლებს დაკარგავენ - „ჭუჭყიანს“, მაგრამ მაინც ბევრად მეტ შემოსავალს.
აფხაზეთი თითქოსდა ცდილობს თავისი „სახელმწიფოებრიობის“ „ბავშვობის ხანაში“ დარჩეს: ბავშვები ხომ ონავრობენ, ცელქობენ, უფროსები კი მათ პატიობენ ხოლმე. აფხაზებს არ სურთ, რომ აფხაზეთი სერიოზულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ამიტომაც პრეზიდენტის არჩევნები აქ  ქვეყნის განვითარების პროგრამების შეჯიბრი კი არაა, არამედ ისეთი კაცის გაპრეზიდენტება, რომელიც მოსკოვის მეგობარი იქნება და იქიდან მიღებული ფულით მეტ-ნაკლებად ვიღაცეებს ასიამოვნებს.
მაგრამ რა უნდა ქნას მოსკოვმა ასეთი „უცხოური სახელმწიფოთი“?

წყარო: https://www.kp.ru/daily/27025/4088785/