მთავრობის შემადგენლობას ამ ბოლო ისტორიის მანძილზე ასეთი ვრცელი განხილვა არ ჰქონია - ვოლსკი

მთავრობის შემადგენლობას ამ ბოლო ისტორიის მანძილზე ასეთი ვრცელი განხილვა არ ჰქონია - ვოლსკი

მთავრობის შემადგენლობას ამ ბოლო ისტორიის მანძილზე ასეთი ვრცელი განხილვა არ ჰქონია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„დასაფასებელია მოთმინება, კონსტრუქციულობა და მისწრაფება იმისკენ, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ არა მარტო განვლილი საქმიანობის, არამედ მომავალი გეგმების შესახებ, რაც უნდა გახდეს მთავარი რესურსი იმისა, რომ მთავრობამ დაიმსახუროს, კანდიდატებმა დაიმსახურონ უმრავლესობის მხარდაჭერა და არა მარტო პარლამენტში, არამედ საზოგადოებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა პარლამენტში ისეთ მოვლენებსაც განხილვების დროს, რომელიც ამ პროცესს არ უხდება.

„აღარ შევეხები პერიპეტიებს, რომელსაც სამწუხაროდ, ამ შენობაში ჰქონდა ადგილი და, რომელიც აბსოლუტურად არ უხდება არც შინაარსით, არც თავისი ისტორიით იმ განხილვებს, რისთვისაც შევიკრიბეთ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რა საკვირველია არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მედიაც რეალურად იძულებული იყო ფაქტიურად სკანდალურ თემებზე გადართულიყო მაშინ, როდესაც ძალიან საინტერესო მიმართულებებზე იყო საუბარი ამ დარბაზში, ყველა საკითხთან დაკავშირებით – განათლება, თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მომავალი ხედვები, ეკონომიკის თუ ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით, კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების საკითხებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის ძალიან საინტერესო თემები იყო განხილული, სოციალური და ჯანდაცვის თემები“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საინფორმაციო ველზე დებატები ძირითადად მიეძღვნა საკითხებს, რომელიც ოპონენტების ყოველდღიურობად იქცა.

„ვფიქრობ, დღევანდელი დღე და განსაკუთრებით ხვალინდელი, უნდა იყოს ჩვენი წარმატებული მცდელობა, დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. კიდევ მეტი ვილაპარაკოთ ამოცანებზე, რომელიც მომავალი მთავრობის წინაშე დგას“, – განაცხადა ვოლსკიმ ფრაქციის სხდომაზე.