არც ერთი ნაკლებად ლეტალური რეზინის ტყვია შსს-ს აღჭურვილობაში არ არსებობს - გახარია

არც ერთი ნაკლებად ლეტალური რეზინის ტყვია შსს-ს აღჭურვილობაში არ არსებობს - გახარია

გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების შეხვედრაზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტთან მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამაც ძალადობრივი ფორმა მიიღო და მას შემდეგ, რაც პარლამენტზე დაიწყო შტურმი, პოლიცია გახდა იძულებული, სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა.

„ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. პოლიცია 2 საათნახევრის განმავლობაში იყო მოთმინების რეჟიმში. ამ პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს და 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან, მათი მდგომარეობა საბოლოოდ არ იყო ცნობილი. პოლიციას არა თუ ლეგიტიმური უფლება ჰქონდა ძალის გამოყენების, უბრალოდ სხვა საშუალება არ ჰქონდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვა. რა თქმა უნდა იყო გარკვეული უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სპეკულირებაა, როდესაც საუბრობენ, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე პარლამენტის შენობასთან აქტივისტების გაფრთხილება არ მოხდა.

“როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შსს-მ გააკეთა რამოდენიმე განცხადება, მითითებით, გთხოვთ დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს. ტექნოლოგიურად, სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების დროს, მაგალითად წყლის ჭავლის გამოყენებამდე ეს გაფრთხილება არსებობდა, თუმცა, გადაუდებელი მოგერიების პირობებში არც კანონი გვავალდებულებდა და საშუალებაც არ იყო ასეთი გაფრთხილების. შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური. ისევე როგორც სპეკულირებაა რეზინის ტყვიების გამოყენების, ან მათი სახეობების ნაწილში. არც ერთი ნაკლებად ლეტალური რეზინის ტყვია შს სამინისტროს აღჭურვილობაში არ არსებობს და სხვა ყველაფერი არის ტყუილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.