იტალიელი არქიტექტორების მიერ აშენებული კულტურის ცენტრი აბაშაში განადგურების პირასაა

იტალიელი არქიტექტორების მიერ აშენებული კულტურის ცენტრი აბაშაში განადგურების პირასაა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის ყოფილი კულტურის ცენტრი, რომელიც იტალიელი არქიტექტორების მიერ არის აშენებული, ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. შენობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბარი აქტიური გახადა სოციალურ ქსელში მომხმარებელ ნათია არველაძის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ ნაგებობა განადგურების პირას არის მისული.

როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მარანის კულტურის ცენტრი 90-იან წლებში განადგურდა და მას შემდეგ უფუნქციოდ არის დარჩენილი. მერიის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა შენობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, აბაშის მერი ლევან მაკალათია, მაჟორიტარი ოთარ დანელია და კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასაპროექტო ეტაპზე არსებული გეგმის მიხედვით, XX საუკუნის არქიტექტურის მქონე ნაგებობა კულტურის სფეროს პროფესიული განათლების მრავალპროფილურ სასწავლო ცენტრს უნდა დაეთმოს.

„რეაბილიტაციის შემდგომ შენობა საცხოვრებელი კამპუსის დატვირთვას შეიძენს, რაც პროფესიული დახვეწის სასწავლო პროცესს ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. ცენტრი უმეტესად ქვეყნის დასავლეთ რეგიონის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი და არქიტექტურის, რესტავრაციის, მხატვრობის, მუსიკის და თეატრის მიმართულებით გატაცებული ახალგაზრდების დახელოვნებას მოემსახურება“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, შენობის აღდგენის პროექტის პარალელურად, სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდება ასევე მიმდებარე პარკის კეთილმოწყობის პროექტი, უშუალოდ სამუშაოებს კი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შენობის და პარკის აღდგენის პროექტები მიმდინარე წელს მომზადდება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი მომდევნო წლის ბოლომდეა ნავარაუდევი.

აბაშის მერიის ინფორმაციით, შენობა იტალიელი არქიტექტორების მიერ არის აშენებული გასულ საუკუნეში, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის რომელ წლებში. მერიაში განმარტავენ, რომ შენობაში ახალგაზრდები ეუფლებოდნენ როგორც ხელოვნების სხადასხვა დარგს, ასევე აქ იყო განთავსებული პროფესიული განათლების კურსები.

 

ლაივპრესი