არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი  - მამუკა მდინარაძე

არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი - მამუკა მდინარაძე

არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და ხელოვნური არ ვიქნები, თუ ვიტყოდი, რომ მთელი ჩვენი საქმიანობა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარდაჭერა დაუდასტურა და მმართველი გუნდის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, სოციალურ პრობლემებსა და ოკუპაციასთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სიცრუე და დეზინფორმაციაა.

„ბატონო გიორგი, ვუერთდები თქვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სიცრუე არის არა გამოწვევა, არამედ პრობლემა, დეზინფორმაცია, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შეიძლება, პროგრესი ვერ ვაჩვენოთ, ვერ უზრუნველვყოთ, უფრო მეტიც, იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, არსებობს ამ ქვეყანაში ძალა, თავისი სხვადასხვა განშტოებებით, თავისი მედიასაშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მუდმივად სტრესის და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ და ამ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ამყოფოს საზოგადოება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოკუპაციის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანამ ტერიტორიები და ადამიანები წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ჩართულობის გამო დაკარგა.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც შეახსენა, რომელსაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს.

`2012 წლის შემდეგ 220-ზე მეტი ძალიან სერიოზული, მხარდამჭერი დოკუმენტია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესრულებით, რომელიც ეხება მთავარ პრობლემას – ოკუპაციას, დეოკუპაციის საკითხებს და ეს არის „ქართული ოცნების“ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიღებული შედეგი. დღეს აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, ეს პრობლემა ჩვენ მოგვაწერონ. გარეთ არიან ახალგაზრდები. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიცრუის შედეგად, იქ არის ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც ჯერა იმისა, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ, მაგალითად, კარგად წაიკითხონ რეზოლუციის ეს პუნქტები“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განცხადება სიცრუესა და დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იყო.

„ოკუპაცია, სიღარიბესთან ერთად, გამოწვევების ადეკვატურად არის შეფასებული სამთავრობო პროგრამაში და გადაჭრის გზებზეც არის საუბარი. ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობის შემადგენლობას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.