ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიცრუეში ადანაშაულებს

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიცრუეში ადანაშაულებს

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი არ ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრესსპიკერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

„ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს, ყოველთვის ვგრძნობდი. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათვის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული. 

მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთაც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არასწორი და მცდარი ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ, ამას ვაცნობებ უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა „იმედინიუსთან“

შეგახსენებთ, რომ მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა ირინა შენგელიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა ის ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება.