თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება- რასმუსენი

თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება- რასმუსენი

ქართველებმა უნდა იმსჯელოთ, მისაღებია თუ არა უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაერთიანება ისე, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები მეხუთე მუხლმა არ დაფაროს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

რასმუსენის თქმით, თუ საქართველოში ამას გადაწყვეტენ, ქართველებს შეუძლიათ, საკითხის დაყენება, რის შემდეგაც ნატო-ს მოკავშირეებს სამსჯელო ექნებათ.

„ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს გადაუწყვეტელი სასაზღვრო საკითხები რუსეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მეხუთე მუხლის მთელ საქართველოზე გავრცელება. მე ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო ნატო-ს. ეს საქართველოს მთავრობის და ნატო-ს საბჭოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, თავისი თამაშების გაგრძელება და ეს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარდა ეხება ყირიმს, დონბასს, დნესტრისპირეთს და მთიან ყარაბაღს, რადგან პუტინი ფიქრობს, რომ მეზობლების დასუსტება და კონფლიქტებზე ფოკუსირება მათი ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პრევენციას მოახდენს.

„პუტინმა კარგად იცის, რომ ნატო-ში და ევროკავშირში არ სურთ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავების იმპორტირება. ჩვენ არ შეგვიძლია, მას ნება დავრთოთ, რომ ეს დე ფაქტო ვეტოს უფლება შეინარჩუნოს. ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება. ამით ჩვენ შევძლებთ კრემლისთვის ცხადი სიგნალის გაგზავნას, არ გააგრძელოს ეს გზა, რადგან პოზიტიური განვითარება არ ექნება მისთვის“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.