მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას ხვალ ანაკლიაში გამართავს

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას ხვალ ანაკლიაში გამართავს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ, 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება. სწორედ ხვალინდელ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.