მეცნიერების  აღმოჩენა - ახალ  პლანეტაზე წყალია

მეცნიერების აღმოჩენა - ახალ პლანეტაზე წყალია

 ასტრონომებმა, პირველად ისტორიაში, პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში, რომელიც ე.წ. სავარაუდო დასახლებულ ზონაში თავისი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, წყალი აღმოაჩინეს. , მეცნიერთა აზრით, როგორც გამოკვლევა აჩვენებს, მაცოცხლებელი სითხე პლანეტაზე ძალიან ბევრია. უფრო მეტიც - ციურ სხეულზე ისეთი ნორმალური ტემპერატურაა, რომ გამორიცხული არაა, მასზე სიცოცხლეც იყოს.
მკვლევარების თქმით, უახლოეს ათ წელიწადში ახალი კოსმოსური ტელესკოპების მეშვეობით, ისინი შეძლებენ ზუსტად განსაზღვრონ - შეიცავს თუ არა პლანეტა K2-18b-ის ატმოსფერო ცოცხალ ორგანიზმებს. ასტრონომების აღმოჩენის შესახებ კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature Astronomy-ში.
წარმოუდგენელი აღმოჩენა
ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორი ჯოვანა ტინეტი ამ მოვლენას „წარმოუდგენელს“ უწოდებს: „პირველად აღმოვაჩინეთ წყალი იმ პლანეტაზე, რომელიც ე.წ. სავარაუდო დასახლებულ ზონაში მდებარეობს და სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ მასზე სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს“, - ამბობს იგი.
ასტრონომების მიერ მოძიებული მასალების კომპიუტერული მოდელირება იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი დაახლოებითი პროგნოზი გაკეთდეს“ პლანეტის ატმოსფეროს 50% წყლისაგან შედგება. K2-18b ორჯერ დიდია დედამიწასთან შედარებით, მისი ზედაპირის ტემპერატურა ნოლიდან 40 გრადუსამდე მერყეობს (ცელსიუსის შკალით), რაც იმას მოწმობს, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში იმყოფება.
„ეს აღმოჩენა ჩვენ გვეხმარება პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ კითხვას: უნიკალურია თუ არა დედამიწა“?, - ამბობს კვლევის მონაწილე დოქტორი ანგელოს ციარასი.
K2-18b-ზე არსებული პირობები შეიძლება სიცოცხლისათვის ხელმშემწყობი იყოს, მაგრამ ამჟამად ამ ჰიპოთეზის დამტკიცება, რასაკვირველია, შეუძლებელია, თანაც პლანეტა ჩვენგან ძალიან შორს იმყოფება.

დედამიწიდან სინათლის 111 წლიანი დაშორებით
სამწუხაროდ, ასტრონომების მონაცემებით, პლანეტა K2-18b დედამიწიდან სინათლის 111 წელზე შორს იმყოფება, რაც საშუალებას არ იძლევა მისკენ კოსმოსური ზონდი იქნეს გაშვებული.
„ერთადერთი, რაც რჩება - დაველოდოთ იმ დროს, როცა 2020-იანი წლების ბოლოს ახალი, უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპები შეიქმნება, რომლებიც შეძლებენ K2-18b-ის ატმოსფეროს გაზის შემადგენლობის ანალიზს და დაადგენენ, არსებობს თუ არა მასში ცოცხალი ორგანიზმები“, - ამბობს კვლევის კიდევ ერთი მონაწილე, დოქტორი ინგო ვალდმანი.

„ეს თანამედროვე მეცნიერებაში ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენს: ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის გვაინტერესებდა - მარტონი ვართ თუ არა სამყაროში... მომავალი 10 წლის განმავლობაში ჩვენ შევიტყობთ, თუ ზუსტად რომელ ქიმიურ ელემენტებს შეიცავს K2-18b-ის ატმოსფერო და წარმოქმნილნი არიან თუ არა ისინი ცოცხალი ორგანიზმების მიერ“, - ამბობს მკვლევარი.
სუპერდედამიწა?!
შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს სუპერდედამიწასთან? ასეთი მიდგომა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება: უპირველესად იმის გამო, რომ ასტრონომებს შორის არ არის კონსენსუსი, თუ რომელი გაზების არსებობა მოწმობს სიცოცხლისათვის ვარგის პირობებს  პლანეტაზე. K2-18b 2015 წელს აღმოაჩინეს. ზოგი მეცნიერი მას სუპერდედამიწად თვლის, ანუ პლანეტის მასა ისეთია, რომ ის დედამიწასა და ნეპტუნს შორის შეიძლება ვივარაუდოთ, თანაც მოსახერხებელია სპექტროსკოპიული კვლევებისათვის.
პლანეტა K2-18b მდებარეობს წითელი ჯუჯის სისტემაში, ლომის თანავარსკვლავედის ახლოს.
სხვათა შორის, წყალს ასტრონომები სხვა პლანეტაზეც პოულობდნენ, მაგრამ მათზე ტემპერატურა ან ძალიან დაბალი, ან ძალიან მაღალი იყო სიცოცხლის არსებობისათვის.

წყარო: „ბი-ბი-სი“ - https://www.bbc.com/russian/news-49670081