აშშ-ში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს

აშშ-ში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს

Medtronic-ის მეცნიერ-გამომგონებელი 42 წლის ალექსანდრე სამბელაშვილი, რომელიც ივლისში მინეაპოლისის ცენტრში ნაცემი იპოვეს, მიღებული ტრავმების გამო დაიღუპა. სამბელაშვილი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ცნობა ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია, რომელიც ხუთშაბათს დააკავეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამბელაშვილი კლუბში უგონო მდგომარეობაში 28 ივლისს ღამით იპოვეს. სამართალდამცავების თქმით, ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ტრავმაზე მკურნალობდნენ.

რა მოტივით დაესხა თავს კრავჩუკი სამბელაშვილს უცნობია, როგორც გამოძიება ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით აცხადებს, სამბელაშვილი კლუბში ადგილობრივი დროით 1:30-ზე შედის და კრავჩუკისკენ მიემართება, რაიმე კამათი ან კონფლიქტი არ ჩანს, როდესაც ის კრავჩუკს უახლოვდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მას თავში თავით ძლიერად ურტყამს, რის გამოც სამბელაშვილი გონებას კარგავს, უკან ეცემა და თავს ამჯერად იატაკზეც არტყამს. მიღებული მძიმე ტრავმების გამო სამბელაშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო.

წარმოშობით ქართველი სამბელაშვილი მინესოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ბიოსამედიცინო ინჟინერიაში კი დოქტორის ხარისხი ოჰაიოს Case Western Reserve University-ში მიიღო. „ის იყო 17 რეცენზირებული სტატიის ავტორია და მოპოვებული აქვს 25-ზე მეტი პატენტი. ასევე მან შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც გახდა საკვანძო ფუნქცია გულის რიტმის თერაპიისთვის Medtronic-ის პროდუქტებში და გულის უკმარისობის მქონე ასეულობით ათას პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარა“- ნათვამია ონლაინ-ნეკროლოგში.

სამბელაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იმ შემთხვევაში თუ კრავჩუკს ბრალი დაუმტკიცდება მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

ნიუპოსტი