„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია  გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და არის მავნებლური - გია ვოლსკი

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და არის მავნებლური - გია ვოლსკი

აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ  „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე იყო მცდელობა, აშშ გაიგივებული იყოს „უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გამიზნულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან არ შეიძლება, ვინმე კრამერის საქციელი, აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი, დაუკავშირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მე ვფიქრობ, საზოგადოებამაც ეს კარგად გაიგო. თუმცა მცდელობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ, ამის მცდელობა აშკარად იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.