პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის  მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 

დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს.

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.