ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 30-ზე მეტი პარტია იბრძვის. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტის 61 მანდატია საჭირო.

ვადამდელი არჩევნების გამართვა აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.

როგორც აპრილში გამართულ არჩევნებზე, ამჯერადაც ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ მთავარი მეტოქე გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იქნება. ბენი განცი 2012 და 2014 წლებში ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და პრემიერი ნეთანიაჰუ მას წარსულში შესანიშნავ სამხედრო მეთაურად მოიხსენიებდა.

გამოკითხვების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში 10 პარტია შევა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერც ერთი პარტია ვერ ჩამოაყალიბებს, ამიტომ არჩევნების შემდეგ ხანგრძლივი კოალიციური მოლაპარაკებებია მოსალოდნელი. არჩევნებში „ლიკუდის“ გამარჯვების შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრის თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს.