„რასმუსენის გეგმა“:  რა ფასს გადაიხდის საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად

„რასმუსენის გეგმა“: რა ფასს გადაიხდის საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად

ცნობილი რუსი პოლიტოლოგი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსიტუტ/უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი თბილისში ამ დღეებში „მაკკეინის ინსტიტუტის“ ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება და თავის თვალსაზრისს აქვეყნებს ფორუმის მონაწილეების მიერ გაჟღერებული განცხადებებისა და პოზიციების მიმართ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც რუსულ გამოცემა «Eurasia-Expert»-ში გამოქვეყნდა.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ფართოდ განხილვად თემას წარმოადგენს. ერთი შეხედვით, მასში ძნელია მოძებნო რაიმე ახალი მიდგომები და ხედვები: ყველა პოლიტიკური სვლები და მისი კომპონენტები უკვე მოსინჯულია, ცნობილია და ღრმადაა შესწავლილი საექსპერტო და აკადემიურ ლიტერატურაში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფნა კავკასიაში მიეკუთვნება იმ ფუნდამენტურ განსხვავებულ მიდგომებს, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს, ხოლო თბილისისა და ნატოს კოოპერირება მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად განიხილება რუსეთისა და დასავლეთის კონკურენციაში პოსტსაბჭოთა სივრცისათვის.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთმა თავისი გავლენა საქართველოს ორ ყოფილ ავტონომიაში განიმტკიცა. თავის მხრივ, საქართველომ საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკური ვექტორი გააღრმავა.

2012-2013 წლებში საქართველოში უმაღლესი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ გადაეცა, დღეს კი ფართოდ განიხილება შიდაპოლიტიკურ პრობლემები - 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ნატოსთან ურთიერთობა საქართველოსთვის ძველებურად ისევ სტრატეგიული არჩევანია, რომლის დახმარებით მმართველი ელიტას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და „რუსეთის შეკავების“ იმედი აქვს. როგორც შედეგი, ჩნდება მწვავე და ემოციური რეაქცია ყველაფერზე, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემას ეხება.

(...)

თბილისში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არაა გამორიცხული საქართველოს ნატოში მიღება იმ შემთხევვაში, თუ საქართველო დათანხმდება ერთ პირობას: ალიანსის წესდების მე--5 მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ უნდა გავრცელდეს. მისმა გულახდილობამ ქართულ საზოგადოებაში მწვავე ვნებათა ღელვა გამოიწვია. პრინციპში, ეს წინადადება ახალი არ არის: რამდენიმე ხნის წინათ თითქმის იგივე თქვა ამერიკული „მემკვიდრეობის ფონდის“ («Heritage Foundation») სპეციალისტმა ლუკ კოფმაც.

(...)

რასაკვირველია, ერთ-ერთი ამერიკული ფონდის პოზიცია აშშ-ის მთავრობის პოზიციას არ ასახავს. მსგავსი რეკომენდაციების უკმარისობას თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი ნამდვილად არ განიცდის. მაგრამ მაინც საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ „მემკვიდრეობის ფონდი“ საუნივერსიტეტო აკადემიური სტრუქტურა კი არ არის, არამედ აშშ-ის პოლიტიკის მემარჯვენე ფლანგზე არსებული „პოლიტიკური აზრების ფაბრიკა“. ფონდის საიტზე მითითებულია, რომ „დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენს პოლიტიკურ რეკომენდაციებს იზიარებს“. შესაბამისად, რეკომენდაციების დონე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ხშირად აჟღერებენ როგორც ექსპერტები, ასევე დიპლომატებიც -  უკვე გადამდგრები, მაგრამ არაა გამორიცხული, მოქმედი დიპლომატებიც...

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოსთან მიმართებით?

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეები დაინტერესებულნი არიან ნატოს აქტივიზაციით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ეს არის ერთგვარი „გირაო“ იმისათვის, რომ არ დაუშვან კონკურენტის არსებობა ევრაზიაში. მაგრამ იმავდროულად ისინი მზად არ არიან საქართველოსთვის სამხედრო გარანტიების მიცემისა და, მით უმეტეს, „ქართული მიწების შეგროვება-გაერთიანებისათვის“.

ბრიუსელი ზედიზედ აყოვნებს საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემას და ამის მიზეზად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის არსაკმარის რეფორმირებას ასახელებს. და აი, 2019 წლის სექტემბერში თბილისში გამართულ კონფერენციაზეც გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ბაგეთაგან იგივე მუდმივი თემები გაჟღერდა: ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ასეთი ლოგიკა ყველაზე ცნობილ გორელს - იოსებ სტალინსაც კი შეშურდებოდა: რაც უფრო უახლოვდები ნატოს, მით უფრო უნდა გაძლიერო ბგძოლა კორუფციის წინააღმდეგ და უფრო მეტად უნდა განამტკიცო კანონის უზენაესობა! და ასე მუდმივად.

მაგრამ თუ სერიოზულად ვიტყვით, „მაშინ ანდერს ფოგ რასმუსენის „სექტემბრის თეზისებმა“ რენტგენის სურათივით გამოაჩინა იმ პრობლემების მთელი სპექტრი, რომლებიც ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში არსებობს.

დასავლეთი, ცხადია, დაინტერესებულია თბილისთან სამოკავშირეო ურთიერთობების განმტკიცებაში, მაგრამ არა რუსეთთან კონფრონტაციის ფასად. ამასთან, აშშ და ნატოს სხვა წევრები ჯერ მზად არ არიან კავკასია მოსკოვის განსაკუთრებული ინტერესების სფეროდ აღიარონ. ბრიუსელი ასევე მზად არ არის კავკასიაში „ახალი რეალიების“ საღიარებლად.

 მოკლედ, იქმნება პატური სიტუაცია: ნატოს კარი თბილისისთვის სინამდვილეში უკვე დახურულია, მაგრამ იმავდროულად ვაშინგტონში და ბრიუსელში უფრთხიან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებას, რადგან მასში დასავლეთი მოსკოვის ევრაზიული შეტევის ნიშნებს ხედავს.

წყარო: https://eurasia.expert/plan-rasmussena-kakuyu-tsenu-zaplatit-gruziya-za-vstuplenie-v-nato/