ამერიკელმა სამხედროებმა „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურეს

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა პირველად დაადასტურა, რომ „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ („ამო“ – UFO) ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს ერთ-ერთმა პილოტმა განახორციელა, უტყუარი და ნამდვილია. მან ასევე დააზუსტა, რომ პენტაგონმა დღემდე ვერ შეძლო განესაზღვრა კადრებზე აღბეჭდილი მოვლენის ბუნება.

როგორც გამოცემა The Black Vault იუწყება, აშშ-ის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინათ რამდენიმე რამდენიმე დოკუმენტი განასაიდუმლოვა და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. საქმე ეხება ვიდეოჩანაწერს კოდური სახელწოდებით GO FAST, რომლითაც თავის დროზე To The Stars Academy of Arts & Science-ის მკვლევარები და გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები  დაინტერესდნენ, თუმცა UFO-ს ვერსია ოფიციოზს არ დაუდასტურებია. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ორი ჩანაწერი, რომელიც პენტაგონს 2017 წლიდან აქვს.

„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის თვალსაზრისით, ვიდეოჩანაწერზე ასახული ობიექტები „ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს“ წარმოადგენენ“, - განუცხადა გამოცემა The Black Vault-ს აშშ-ის ფლოტის დაზვერვის ხელმძღვანელის მეთიუ კოხლერის პრეს-მდივანმა ჯოზეფ გრედიშერმა, - „ჩვენ ვსარგებლობთ ტერმინით „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი“ იმდენად, რამდენადაც ეს არის ის საბაზო სახელწოდება, რომელიც მსგავს მოვლენას გამოხატავს და რომელსაც მსგავსი შემთხვევების დროს აშშ-ის არმიის მიერ კონტროლირებადი პოლიგონების საჰაერო სივრცეში მუშაობისას ვიყენებთ“, - დააზუსტა ჯოზეფ გრედიშერმა.

ცხადია, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სადაზვერვო უწყების წარმომადგენლის ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ  გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებზე მართლაც „მფრინავი თეფშია“ ასახული ან სხვა რომელიმე არამიწიერი წარმოშობის მქონე მფრინავი ხომალდი, თუნდაც ასე თვით სამხედრო უწყება თვლიდეს. ეს მხოლოდ იმის აღიარებაა, რომ აშშ-ის  ფლოტმა ვერ შეძლო ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ობიექტის იდენტიფიცირება და ამიტომაც ის „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ (UFO) კატეგორიაში მოხვდა.

როგორც განსაიდუმლოებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, სწრაფად მოძრავი ობიექტის ფოტოკამერის სამიზნეში მოხვედრა მხოლოდ მესამე მცდელობის დროს მოხერხდა. ისმის საუბარი მფრინავებს შორის:

- აუ, დავიჭირე..

- ვაჰ, ეს რა არის?

- აუ, შეხედე, ბიჭო, როგორ სწრაფად მიფრინავს...

ვიდეოჩანაწერი GO FAST გაკეთებულია საგემბანო ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენ F/A-18 Super Hornet-ის მფრინავების მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო თვითმფრინავი აღჭურვილია მულტისენსორული ელექტროოპტიკური სამიზნე სისტემით (AN/ASQ- 228), რომლის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ფოტოკამერა, მანძილმზომი და ლაზერული ტრეკერი. ფოტოკამერით გადაღება შეიძლება როგორც ჩვეულებრივ ხედვით დიაპაზონში, ასევე  საშუალო ინფრაწითელ სპექტრში და თანაც მაღალი ხარისხით. გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანაწერი მიდის ინფრაწითელ რეჟიმში.

To The Stars Academy-ის მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ მოძრაობისას არ შეინიშნება გაზების რაიმე შლეიფი და არ ჩანს ფრთებიც, რომელიც რომ ჰქონდეს, ასეთ მანძილზე უნდა ჩანდეს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი დაშორებისას ფრთოსანი რაკეტის ფრთები კარგად მოჩანს.

ვიდეოკადრების გადაღების ზუსტი თარიღი და სხვა დამატებითი ინფორმაცია წყარომ, რომელმაც The Black Vault-ს ეს მასალა გადასცა, არ გაამჟღავნა, თუმცა The Stars Academy აცხადებს, რომ წყაროს სწორედ პენტაგონი წარმოადგენს.. თავის მხრივ, ფლოტის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა უარყო The Black Vault-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მასალების განსაიდუმლოება თითქოსდა პენტაგონის მეშვეობით მოხდა. მისი თქმით, დღემდე არცერთი ვიდეოჩანაწერის ოფიციალური განსაიდუმლოება არ მომხდარა.

იგივე განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა სიუზან გოხმაც: „ამ ვიდეოჩანაწერების ოფიციალური განსაჯაროება არ მომხდარა და მათ დღესაც გრიფი „საიდუმლოდ“ ადევს“.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-49744395