არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა დაიხუროს - თეა წულუკიანი

არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა დაიხუროს - თეა წულუკიანი

იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მე-11  სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება მეტ-ნაკლებად წარმატებულია, თუმცა სურვილია, სისტემა წავიდეს იმისკენ, რომ ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან თუნდაც ჰარვარდში სწავლაზე, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, რომლებსაც საპირისპირო ოცნება აქვთ. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი იქნება არასრულწლოვნებში დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისითაც.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას.

ამასთან, მინისტრის თქმით, სხვანაირი მიდგომა იქნება მათთან, ვინც ოცნებობს, გახდეს კრიმინალური ავტორიტეტი, რადგან მათთან სხვანაირი მუშაობაა საჭირო.

ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები, ასევე მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ.