ნიკა მელიას საქმეს დღეს რომ ვიხილავდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი - მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი

ნიკა მელიას საქმეს დღეს რომ ვიხილავდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი - მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი

ნიკა მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია, მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში მიღებული და ამას დღეს იგივე მოცემულობით რომ ვიხილავდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, - ასე უპასუხა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა.

რომან გოცირიძემ მოსამართლეს ჰკითხა, ნიკა მელიასთან მიმართებით „აღკვეთის ღონისძიების დამძიმებაზე“ გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღო, რომ მოხვედრილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიაში, რაზეც მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა უპასუხა, რომ „დამძიმებით“ მართლაც შემოვიდა პროკურატურა სასამართლოში, რომელიც გირაოს შეცვლას პატიმრობით ითხოვდა.

„რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, იცით, ჩემი პასუხი რა არის?! ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია, მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში მიღებული და ამას დღეს იგივე მოცემულობით რომ ვიხილავდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი“,

დეპუტატის კითხვაზე, მაშინ როცა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებაზე იღებდა გადაწყვეტილებას იყო, თუ არა პარლამენტისადმი წარსადგენ სიაში, მოსამართლემ განმარტა, რომ ეს არ ახსოვს.

„მაშინ, რამ გაიძულათ აღკვეთის ღონისძიების ის ფორმა, რომელიც ნიკა მელიას დაუწესეთ?! საქალაო სასამართლომ ნიკა მელიას გირაო შეუფარდა, მას აუკრძალა საჯარო სივრცეში გამოსვლა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილება შეუზღუდა სააპელაციო სასამართლომ, ანუ თქვენ, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ამ ფორმას დაუმატეთ კიდევ ერთი, ელექტრონული კონტროლი ანუ ნიკა მელიას სახლიდან გასვლა-შემოსვლა უნდა აკონტროლოს საგამოძიებო ორგანომ. ამისათვის სამაჯურის გაკეთება გახდა საჭირო. როგორც კი ნიკა მელია სახლიდან გამოვა, გადამცემი დაიწყებს ყვირილს და მოვარდებიან პრობაციიდან. შეამოწმებენ გასვლა-გამოსვლა იყო თუ არა შეთანხმებული პროკურატურასთან. თქვენ ჩათვალეთ, რომ საქალაქო სასამართლომ არასაკმარისი აღვეთის ღონისძიება შეუფარდა დეპუტატს, ჩათვალეთ, რომ ის შეიძლება გაიქცეს უცხოეთში ან ის შეიძლება გამოვიდეს სახლიდან და იქადაგოს ანტისახელმწიფოებრივი იდეები ან მოვიდეს პარლამენტში და დაუსვას მწვავე შეკითხვა იგივე გახარიას. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩაიდინეთ უფრო სამართლიანი საქციელი, ვიდრე საქალაქო სასამართლომ?!“, - ჰკითხა გოცირიძემ გაბინაშვილს.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება საჭირო არ იყო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების გამოყენებას, რომლითაც მელიას სამაჯური გაუკეთდა ხელზე, მოსამართლის განმარტებით, ეს დამატებითი ღონისძიება სასამართლომ ჩათვალა აუცილებელ სჭიროებად იმ კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც უშვებდა ამ ღონისძიების გამოყენებას.

„და მე ვიყავი ის პირი, ვისაც ამის უფლება და დისკრეცია ჰქონდა“, -აღნიშნა გაბინაშვილმა.

ამის შემდეგ დეპუტატმა კვლავ ჰკითხა მოსამართლეს, თუ რატომ გამოვიდა „მელიას სახლში ჩაკეტვის ინიციატივით“.

თავის მხრივ, მოსამართლემ შემდეგი ტიპის პასუხი გასცა: „ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ჩავთვალე საჭიროდ“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

მერაბ გაბინაშვილს ამ წუთებში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.