აუცილებლად გავარკვევ, ზარდიაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება რატომ ვერ იქნა დაცული - არჩილ თალაკვაძე

აუცილებლად გავარკვევ, ზარდიაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება რატომ ვერ იქნა დაცული - არჩილ თალაკვაძე

არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იქ არ იყო, იქ იყო ფიზიკური თავდასხმა ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე, რასაც ცალსახად ვგმობ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძემ ამის შესახებ კომენტარი,  ზუგდიდში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ გააკეთა  და აღნიშნა, რომ როგორც კი დაბრუნდება თბილისში, გაარკვევს, რატომ არ იყო უზრუნველყოფილი ზარდიაშვილის უსაფრთხოება.

„როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავარკვევ, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება და რატომ მოხდა ის, რომ ვანო ზარდიაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება ვერ იქნა დაცული. მომხდარი ლახავს პარლამენტის იმიჯს და ღირსებას, რაც საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის, რომელიც უყურებს ამ პროცესებს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.