თუშეთის გზაზე ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთის გზაზე ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 22-ე კმ-ზე მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.