ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები გაამარტივა

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები გაამარტივა

კომერციული ბანკებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციების შემოღებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტით, ანუ 25 პროცენტამდე შეამცირა.

ახალი ინიციატივით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნებით 5%-ით, ანუ 30%-იდან 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით, 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ. ასევე უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მცირდება, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გათვლებით, საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მეტი სესხი გასცენ დოლარში. 

"ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და დასტაბილურებას. ამავე დროს, შესაბამისად დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომერციულ ბანკებში მიაჩნიათ, რომ მარეგულირებლის მიერ დადგენილი ახალი წესი გაცვლითი კურსის დასტაბილურების გარდა, ხელს შეუწყობს ბიზნესს, მაგალითად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე გაადვილდება მსხვილი იპოთეკური სესხების გაცემაც. 

"ბოლო პერიოდის ნაბიჯები, რომელიც რეგულატორმა გადადგა, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ასევე, რაც ალბათ მოსახლეობისთვის უფრო ხელშესახები და მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას. რაც შეეხება რეზერვის განაკვეთის შემცირებას, ეს, რა თქმა უნდა, ბანკებში გააჩენს მეტ ლიკვიდობას სავალუტო სახსრების", - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ. 

ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა მოიწონეს მინისტრთა კაბინეტშიც. მთავრობის წევრებს იმედი აქვთ, რომ გამოთავისუფლებულ რეზერვებს კომერციული ბანკები სავარაუდოდ მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად მიმართავენ. 

საბანკო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ სექტემბრის შუა რიცხვებში განაცხადა. 

საბანკო რეგულაციების გადახედვასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ივნისში გააკეთა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

2018 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ წამოჭრა ჭარბვალიანობის პრობლემა, რომლის პოლიტიკური დივიდენდებიც, სპეციალისტების აზრით, ახალარჩეული პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის კარიერას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოხმარდა: პირველმა გადაწყვეტილებამ მომავალში მაღალრისკიანი დაკრედიტება შეზღუდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ პლატფორმების და მოგვიანებით ამ სექტორში ბანკების ჩართულობით განვითარდა; მეორე გადაწყვეტილებას ერთგვარი სოციალური ეფექტი ჰქონდა და განმუხტა დაძაბულობა, რასაც იწვევდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული ვალის დაბრუნების სამართლებრივი პროცესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გადაწყვეტილებამ გაცხადებულ მიზნებსა და სასურველ შედეგს სრულად მიაღწია, ეროვნულმა ბანკმა „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა და საქართველოში მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციებს „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” რეგულაციები დაუწესა, რომლებმაც სპეციალისტების თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გამართული და საკმარისი დაკრედიტება შეუძლებელი გახადა - დაზიანდა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი; მკვეთრად დაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების გაყიდვები; საკრედიტო რესურსებთან წვდომა გაურთულდა ქვეყნის ათიათასობით თვითდასაქმებულ მოქალაქეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან რეგულაციების გადახედვის სურვილს სპეციალისტების ნაწილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლას და ახალი პრემიერიმინსტრის არჩევას უკავშირებენ.

imedinews.ge